სუპერლიგის მე-18 ტური დღეს 2 მატჩით დასრულდა. რაც უფრო ახლოვდება რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტური, მით უფრო იძაბება სიტუაცია. ეს ბუნებრივია, რადგან ზოგი გუნდი პლეი ოფში რაც შეიძლება მაღალი ადგილით შესვლას ლამობს, ზოგიც სუპერლიგაში დასარჩენად იბრძვის.
სწორედ გასავარდნ ზონაში მყოფი გუნდის მატჩი გაიმართა დიღმის დარბაზში, სადაც გაგრა ამრამ თსუ-ს უმასპინძლა. უნივერსიტეტის გუნდი ლიდერთა შორისაა და მიუხედავად ზედიზედ 7-მატჩიანი წაგებების სერიისა, წინა და დღევანდელ მატჩში გამარჯვებით სამეულში ადგილი დაიბრუნა. თსუ-ს მეტოქე კი ბოლო ადგილზე გახლდათ, რომელსაც 1 ტურის წინ გაუთანაბრდა ტყიბულის ორბი და ამ ტურში კსუ-ს ძლევით გადაასწრო კიდეც.
ამ გუნდებს თამაშების არათანაბარი რაოდენობა აქვთ გამართული და ცხადია, ცხრილში ადგილებს შეიცვლიან, თუმცა საზომად გამარჯვებების რაოდენობას თუ ავიღებთ ( და ესეც უნდა იყოს), წინ ორბია, რომელმაც მე-5 გამარჯვებას ამ ტურში მიაღწია. ამრას რომ მოეგო, ჩამორჩენას აღმოფხვრიდა, თუმცა თსუ-ს დასამარცხებლად ძალები არ ეყო. ამრა ბოლო წუთებამდე ღირსეულად ებრძოლებოდა თსუ-ს და მუხტი ბოლომდე რომ შეენარჩუნებინა, მოგების რეალური შანსი ჰქონდა, მაგრამ ეროვნული ნაკრების ყოფილმა და მოქმედმა წევრებმა – შესაბამისად, გიორგი ცინცაძემ და ალექსანდრე ფევაძემ დამაჯერებლად ითამაშეს და თსუ-მ 94:92 (სტატისტიკა) გაიმარჯვა. აღსანიშნავია ასევე ვილი ისიანის 2 სამქულიანი ბოლო პერიოდში და ალექსანდრე გაფრინდაშვილის შედეგიანობა.
თსუ-ში საუკეთესო შედეგი სწორედ გაფრინდაშვილს ჰქონდა, რომელმაც 17 ქულა, 4 პასი, 3 ჩაჭრა და 3 მოხსნა მიითვალა. ბომბარდირი 19 ქულით ალექსანდრე ფევაძე გახდა. გიორგი ცინცაძემ 11 ქულა და 14 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. 14 პასი მიმდინარე სუპერლიგის მეორე შედეგია ივერიონის უკანახაზელის, რეჯი მესიდორის 18 გადაცემის შემდეგ. ამრაში 2 გამორჩეული მოთამაშე იყო – ეროვნული ნაკრების წევრები – ლუკა მაზიაშვილი 33 ქულით და კახა ჯინჭარაძე 24 ქულით.
ტურის ბოლო მატჩი ბათუმში გაიმართა, სადაც საბრძოლველად გურჯაანის დელტა ჩავიდა. ორივეს მოგებების თანაბარი ოდენობა – 7-7 ჰქონდა და შესაბამისად, ამ შეხვედრის შედეგს აჭარლებისთვას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა და კახელებისთვისაც. ამიტომაც იყო, რომ გუნდებმა ერთმანეთს ომის დარი ბრძოლა გაუმართეს. გამარჯვებული არც ძირითად დროში გამოვლინდა და არც ოვერტაიმში. მეორე ოვერტაიმის მე-3 წუთზე გურჯაანელები 94:91 დაწინაურდნენ, მაგრამ ბათუმელებმა ბოლომდე და თავგანწირულად იბრძოლეს.
ილია ლონდარიძემ და კეილენ უილიამსმა საკვანძო ბურთები ჩააგდეს. თამაშის 50-ე წუთზე მასპინძლები უილიამსის საჯარიმოებით ქულით დაწინაურდნენ. გურჯაანელთა შეტევა ბრენდონ მაკლინმა შეაჩერა, რომელმაც დანია კინგსბის დაუფარა. კეილინ უილიამსმა ორქულიანით ბათუმელები 101:98 (სტატისტიკა) დააწინაურა და როცა რიკარდო ლინჩმა გამთანაბრებელი სამიანი ააცილა, შეხვედრა, როგორც იქნა, დასრულდა.
ბათუმელთაგან სამმაგ დუბლამდე პასი დააკლდა ჯექსონ ბრენჩლის, რომელმაც 14 ქულა, 15 მოხსნა და 9 პასი მოაგროვა. ლუკა კალატოზიშვილის ანგარიშზე 17 ქულა და 11 მოხსნა დაგროვდა. 16-16 ქულა დავით ლომიძემ და ბრენდონ მაკლინმა მიითვალეს. ბომბარდირი კი 19 ქულით კეილინ მაკლინი გახდა. გურჯაანელთაგან 21 ქულით საუკეთესო იყო სკილერ პოტერი. 18 ქულა დანია კინგსბის ანგარიშზეა.
სუპერლიგის მომდევნო – XIX ტურის მატჩები 29, 30 და 31 მარტს გაიმართება.