თურქეთში 23 სექტემბერს, შუადღეს ჩასულმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა პირველი ვარჯიში ბელეკის „გლორია არენაზე“ საღამოს გამართა. ლექსო ლაფანაშვილმა და მისმა ასისტენტმა, ნიკა მსხალაიამ გუნდი მსუბუქად, ზედმეტი დატვირთვების გარეშე ავარჯიშეს. ძირითადი დრო სროლებს და ფიზ-მომზადების მწვრთნელის, ივიკო ერგემლიძის მოთელვით ვარჯიშებს დაეთმო, რომლის მიზანიც ნამგზავრი კალათბურთელების რელაქსაცია და კონდიციების აღდგენა, ტონუსში მოყვანა იყო.
ბელეკში ფიბა-ს ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის – ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირი იმართება, რომლის ფარგლებშიც 24 გუნდი ჯგუფურ ეტაპზე დარჩენილი 3 საგზურისთვის იბრძვის. 24 მონაწილე 3 ნაწილადაა გაყოფილი და თითოეულის გამარჯვებული ჩემპიონთა ლიგის საგზურს მიიღებს.
თსუ არის ჩემპიონთა ბადეში, რომელშიც ასევე 7 ქვეყნის ჩემპიონი მოხვდა: ბენფიკა (პორტუგალია), ლევიცე (სლოვაკეთი), აეკ ლარნაკა (კვიპროსი), კალევ-კრამო (ესტონეთი), ბაკენ ბიარსი (დანია), პეჟა (კოსოვო) და ნორჩეპინგ დოლფინსი (შვედეთი). ამ 8 ქვეყნის ჩემპიონიდან 1 მიიღებს ჩემპიონთა ლიგის საგზურს. დარჩენილი 2 საგზური სხვა, არაჩემპიონ გუნდებში გათამაშდება და მათი თამაშებიც ბელეკში 25 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. საკვალიფიკაციო ტურნირი მთლიანად ოლიმპიური სისტემით ტარდება.
ჩემპიონთა ბადის 8 გუნდი მეოთხედფინალშია დაწყვილებული, სადაც თსუ-ს პირველ მეტოქედ გასულ ივნისს ჟენევაში გამართულმა წილისწყრამ ბენფიკა არგუნა. პორტუგალიური გუნდის ძლევის შემთხვევაში თსუ ნახევარფინალში გავა, სადაც სლოვაკეთის ლევიცესა და კვიპროსულ ლარნაკას შორის გამარჯვებულს შეხვდება. მთლიანობაში თსუ-ს 3 მატჩის (1/4, 1/2, ფინალი) მოგება სჭირდება, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზური რომ მოიპოვოს. მარცხის შემთხვევაში თსუ გადაინაცვლებს ფიბა ევროპის თასზე, სადაც 8 აგვისტოს მიუნხენში გამართულმა წილისყრამ ჯგუფში მეტოქეებად ძალიან ძლიერი გუნდები – ფრანგული „შოლე“, იტალიური „ვარეზე“ და გერმანული „გოტინგენი“ არგუნა. აღნიშნულლ ტურნირში თამაშები ოქტომბრის შუა რიცხვებიდან დაიწყება და ჯგუფური ეტაპი (6 მატჩი) 2023 წლის ბოლომდე დასრულდება.
თსუ-მ გუნდში ცვლილებები განახორციელა. წინა სეზონის შემადგენლობიდან მხოლოდ 2 კალათბურთელი – გიორგი ცინცაძე და ნოდარ გოგოძე დარჩა. გუნდში მოვიდა ეროვნული ნაკრების წევრი გიორგი ტურძილაძე და ნაკრების კანდიდატი – ალექსანდრე ფევაძე. უნივერსიტეტელებმა 4 ლეგიონერთან ერთად დაიმატეს ლევან მასხულია და ნიკა ჩეჩელაშვილი, ასევე 2 ახალგაზრდა – გიორგი კოპაძე და სანდრო მგელაძე. ლეგიონერებიდან ყველაზე გამოცდილია მეტ ჯონსონი, რომელიც გასულ სეზონში პორტუგალიურ „მადეირაში“ თამაშობდა. ასევე საბერძნეთის უმაღლესლიგელ „იონიკოსში“ მოთამაშე ლენელ ჰენრი. თსუ-ს ჰყავს გასულ წლებში „ბათუმში“ მოთამაშე სერბი ნიკოლა ვუიოვიჩი და ამერიკის სტუდენტურ ლიგაში, აპალაჩის უნივერსიტეტელი ტაირი ბოიკინი.
თსუ „გლორია არენაზე“ მორიგ ვარჯიშს კვირა საღამოს გამართავს და ამავე მოედანზე 25 სექტემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე პორტუგალიურ „ბენფიკას“ დაუპირისპირდება. მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია ფიბა-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე განხორციელდება.
LIVE-რეპორტაჟის ბმული: