გიორგი შერმადინს ისტორიული ჯილდო ესპანეთის ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩის დაწყებამდე გადასცეს. შეგახსენეთ, რომ ლენოვო ტენერიფეს ქართველი ცენტრი გახდა ესპანური ლიგის ისტორიაში პირველი კალათბურთელი, რომელმაც თვის საუკეთესო მოთამაშის (MVP) პრიზი 11-ჯერ მოიგო. ეს უნიკალური შედეგი შერმადინმა იანვრის თვის MVP-ის ტიტულის მოგებით დააფიქსირა, როცა მან ლეგენდარულ არვიდას საბონისს და ტანოკა ბერდს გადაასწრო.
ისტორიული ჯილდო შერმადინს კარმელო კაბრერამ გადასცა, რომელიც ესპანეთის ჩემპიონატის 10-გზის გამარჯვებულია. ქართველმა ცენტრმა მიღებული ჯილდო შესაბამისად აღნიშნა და მატჩის MVP გახდა. ტენერიფელთა მეტოქე ბადალონას “ხუვენტუდი” გახლდათ, რომელსაც შერმადინის წინამძღოლობით კუნძულელებმა იოლად – 85:68 მოუგეს.
ქართველმა ცენტრმა მოედანზე 24:17 წუთი გაატარა, რა დროშიც 19 ქულა, 7 მოხსნა და 1 დაფარება დააგროვა. მან 7-დან 5 ორქულიანი და 10-დან 9 საჯარიმო ჩააგდო. გიორგის შედეგი ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო და ის დამსახურებულად გახდა მატჩის MVP.
15 გამარჯვებითა და 6 მარცხით ტენერიფე ესპანურ ლიგაში მე-4 ადგილზეა. მომდევნო მატჩს კი შერმადინის გუნდი 18 მარტს, სტუმრად, ობრადორიოსთან გამართავს.