თასის გათამაშების მორიგი მეოთხედფინალისტი საკალათბურთო კლუბი “ტიტებია”. მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა 2 მატჩის ჯამში 131:119 დაამარცხა მგზავრები და პლეი ოფის მომდევნო წრეს უწია, სადაც უკვე გასულ თსუ-სა და ცხუმ-აფხაზეთს შეუერთდა. შეგახსენებთ, რომ თასის გათამაშებაში საპლეიოფო სერია 2-მატჩიანია და მოგებების გაყოფის შემთხვევაში გამარჯვებულს ბურთების შეფარდება ავლენს. სწორედ ამის ხარჯზე მოიგო “ტიტებმა”, ისე კი სერიაში ორივე მეტოქემ თითო გამარჯვება მოიპოვა.
ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა “მგზავრებმა” სერიის პირველი მატჩი 27 იანვარს 61:60 მოიგო, დღეს კი “ტიტებმა” 71:58 (სტატისტიკა) იძალეს და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვეს. პირველი მატჩის მსგავსად, ტიტები დებიუტშივე დაწინაურდნენ და მთელი თამაში იგებდნენ. მგზავრები კი მდევრის როლში იყვნენ და ბოლო პერიოდში 3 ქულამდე შეამცირეს ჩამორჩენა – 51:54. ტიტების მწვრთნელმა წუთშესვენება აიღო და წინა მატჩის შეცდომები თავის გუნდს თავიდან ააცილა.
საკვანძო ეპიზოდში აკაკი ლომოურის ორმა და თეიმურაზ ბაბუნაშვილის ერთმა სამქულიანმა წელში გატეხა მგზავრები. ტიტებში ყველაზე სარგებლიანი ჯორდონ თალი გახლდათ – 13 ქულა, 8 პასი, 7 მოხსნა. ზაურ ჯანელიძემ 12 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა, ტაილან ბირტსის ანგარიშზე კი 11 ქულა და 13 მოხსნა დაგროვდა. მგზავრებში 18 ქულით ბომბარდირი გახდა ჯეიდონ კოჰი. სანდრო გოგნაძემ 11 ქულა და 8 პასი მიითვალა, ხოლო ოთარ პერტაიამ შეხვედრა 11 ქულით დაასრულა.
თასის გათამაშების მერვედფინალური სერიის პირველი მატჩი გაიმართა მეგასა და რუსთავის წყვილში. “ა” ლიგის წარმომადგენელი მეგა რომ სოლიდური გუნდია, ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე გამოჩნდა, სადაც ამ გუნდმა სუპერლიგის ცხრილის ზედა ნახევარში მყოფი ცხუმ-აფხაზეთი დაამარცხა. ახალგაზრდა მწვრთნელის, გუგა პატარაიას გაწვრთნილმა მეგამ ამჯერად სუპერლიგის ლიდერ რუსთავს გაუწია წინააღმდეგობა. თავიდან უგებდა, შემდეგ კი თანაბარი ბრძოლა გაგრძელდა და ბოლო პერიოდის 24:16 მოგების წყალობით ანატოლი ბოისას გაწვრთნილმა ქვემოქართლელებმა საბოლოო გამარჯვება გაიფორმეს – 92:81 (სტატისტიკა).
რუსთაველთაგან 20 ქულით საუკეთესო იყო გეგი ბაქრაძე. 19 ქულა მაიკ დევისმა მიითვალა, მალიქ უაითის ანგარიშზე კი 12 ქულა, 6 მოხსნა და 4 პასი დაგროვდა. მეგაში 25 ქულით ჯალენ ბრედლი გამოირჩა. 16 ქულა მამუკა ბაზუაშვილმა, ხოლო 15 – ტრევონდ ბარნსმა მოაგროვეს.
დაბოლოს, ყველაზე მოულოდნელი ანგარიში. სუპერლიგის ერთ-ერთმა ლიდერმა ქუთაისმა, რომელიც “ა” ლიგის წევრ “კავკასიას” ხვდებოდა და ბოლოსწინა წუთზე 2 ქულით – 71:73 ჩამორჩებოდა, საბოლოოდ 80:75 (სტატისტიკა) იმარჯვა. კავკასიელებმა შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვეს და მცირე სენსაციის მოხდენასთან ახლოს იყვნენ.
ქუთაისელებმა უძლიერესად, მკაცრი პრესინგისა და სწრაფი შეტევების გამოყენებით ჩაამთავრეს თამაში და საპასუხო მატჩის წინ 5-ქულიანი ჰანდიკაპი მოიპოვეს. გამარჯვებულებს 22 ქულით დეჟან რაითმა ულიდერა. საერთო სარგებლიანობით საუკეთესო იყო ჟოელ ალმეიდა – 17 ქულა, 12 მოხსნა. კავკასიაში 23-23 ქულით ტატო ზუზაძე და დევონ კოლი გამოირჩნენ.
30 იანვარს ოლიმპიურ სასახლეში თასის გათამაშების მერვედფინალური სერიის 2 საპასუხო მატჩი გაიმართება:
ოლიმპი – ვერა 14:30
კაკტუსი – ორბი 17:00