ტიტების გამარჯვება ბათუმთან და დიდი ნახტომი სუპერლიგის ცხრილში

ტიტების გამარჯვება ბათუმთან და დიდი ნახტომი სუპერლიგის ცხრილში

სუპერლიგაში სატურნირო ვითარება ისეთი მჭიდროა, რომ მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილი “ტიტები” ერთი გამარჯვებით ცხრილში 6 პოზიციით დაწინაურდა. 3 მოგებითა და 4 წაგებით “ტიტებს” დღევანდლამდე ცხრილში მე-10 ადგილი ეკავა, თუმცა “ბათუმთან” დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ მე-4 ადგილზე გადაინაცვლა. ეს იმის მანიშნებელია, რომ სუპელიგაში გუნდების თანაბარი დონეა და შესაბამისად, ჩემპიონატს დაძაბულობაც საკმაო დოზით ახლავს.

“ტიტებმა” საკმაოდ დაბალანსებული მეტოქე ისე დაამარცხა, პრობლემა არ შეხვედრია. გია კაზანჯიანის გაწვრთნილ “ბათუმს” ჩავარდნა აქვს. ზღვისპირელებმა ბოლო 5 მატჩიდან უკვე მეოთხედ წააგეს. წინა ტურში კი ბათუმელები სეზონის ანტირეკორდის მონაწილენი გახდნენ, როცა ქუთაისში 37 ქულით წააგეს. 

მხოლოდ პირველი პერიოდი იყო თანაბარი, რომელიც 30:30 დასრულდა. შემდეგ კი “ტიტებმა” საკმაოდ გააზრებულ და გუნდურ თამაშს მიმართა და ლიდერობას გზადაგზა იმტკიცებდა. დიდი შესვენებისთვის თბილისელები უკვე 9 ქულით იგებდნენ და ტემპი არც მეორე ნახევარში დაუგდიათ. ტაილან ბერტსის, ჯორდონ თალის, დავით ლომიძისა და ბრენდან აუგბორნსის მექულეობით “ტიტებმა” ბოლო პერიოდში 20-ქულიან ლიდერობას მიაღწიეს და მატჩის ბედიც საბოლოოდ გაარკვიეს. აღსანიშნავია თეიმურაზ ბაბუნაშვილის 12 ქულა, რომელიც მან ძალიან მნიშვნელოვან დროს მოიპოვა და “ტიტების” დაწინაურებაში სოლიდური წვლილი შეიტანა.

საბოლოოდ “ტიტებმა” 99:87 (სტატისტიკა) სძლია “ბათუმს” და სუპერლიგის ლიდერებს მიუახლოვდა. სამმა კალათბურთელმა – აუგბორნსმა, ლომიძემ და თალიმ 18-18 ქულა დააგროვეს, გუნდის ბომბარდირი კი 21 ქულით ბირტსი გახდა. ბათუმელთაგან 22 ქულითა და 11 მოხსნით საუკეთესო იყო ნიკოლა ვუიოვიჩი. 21 ქულით პეტარ არანიტოვიჩი გამოირჩა.