ტიტებმა სუპერლიგის სეზონი ვერას ძლევით გახსნა

ტიტებმა სუპერლიგის სეზონი ვერას ძლევით გახსნა

სუპერლიგაში პირველი მარცხი განიცადა დებიუტანტმა “ვერამ”. 2 გამარჯვების შემდეგ, ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა გუნდმა “ტიტებთან” წააგო. გიორგი გამყრელიძის გაწვრთნილი გუნდისთვის ეს შეხვედრა მიმდინარე სუპერლიგაში პირველი და იღბლიანი იყო. “ტიტებმა” ბრწყინვალედ ჩატარებული მეორე ნახევრის წყალობით ვერელები 62:49 დაამარცხა.

პირველი ნახევარი თანაბარი იყო და ქულა-ქულაში წარიმართა. ვერელებმა საწყისი ათწუთეული 17:16 მოიგეს, მეორე პერიოდი კი 14:16 დათმეს და დიდი შესვენებისთვის ქულას აგებდნენ. მწირი ანგარიშის მიზეზი ორმხრივი შეცდომები და აცილებული ბურთები გახლდათ. ორივე გუნდს უჭირდა ქულების მოხვეჭა. დიდი შესვენების შემდეგ “ტიტებმა” დაცვა კიდევ უფრო გაამაგრა, მანამდე შედეგიან თემურ ბაბუნაშვილს ლიუკ მეიერმა და ტრისტინ უოლემაც წააშველეს ხელი და გამყრელიძის გუნდმა 10-ქულაინ უპირატესობას მიაღწია. 

ბოლო პერიოდში ვერელებს ჰქონდათ ვითარების გამოსწორების შანსი, მეტოქეს ჩამორჩენა 5 ქულამდე შეუმცირეს, თუმცა გადამწყვეტ მომენტში “ტიტების” მოთამაშეებმა გუნდური სულისკვეთება და მეტი სიზუსტე გამოავლინეს და გამარჯვებამდე იოლად მივიდნენ. გამარჯვებულთაგან 18 ქულითა და 11 მოხსნით საუკეთესო იყო ტრისტინ უოლე. 16 ქულით გამოირჩა ლიუკ მეიერი, ბაბუნაშვილის ანგარიშზე კი 12 ქულა დაგროვდა. 

მატჩის მესამე და მეოთხე პერიოდებს შორის იუბილარი ვეტერანი კალათბურთელები დააჯილდოვეს. საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და დინამო თბილისის წევრი გია სანაძე 55 წლის გახდა. ხოლო “ვითას” შემადგენლობაში საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი ამროსი ორმოცაძე – 50-ის. სანაძე და ორმოცაძე მადლობის სიგელებითა და ეროვნული ნაკრების მაისურებით საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა დააჯილდოვა.

მე-3 ტური “კაკტუსისა” და “რუსთავის” მატჩით დასრულდება.

ვერა – ტიტები
სტატისტიკა: 49:62