ტორინ გრინი კვლავ მოწოდების სიმაღლეზეა

ტორინ გრინი კვლავ მოწოდების სიმაღლეზეა

                       ესპანეთის პრიმერადივიზიონი
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებულ ამერიკელი კალათბურთელი, ესპანურ „გრან კანარიაში“ მოთამაშე ტორინ გრინი გუნდის ლიდერი ხდება. გრინმა ბოლო ხანებში საგრძნობლად მოუმატა, დღეს გამართულ შეხვედრაში კი ის თავის გუნდს ბომბარდირად მოევლინა. სამწუხარო მხოლოდ ის გახლავთ, რომ „გრან კანარიამ“ წააგო – კუნძულელები სევილიაში „კახასოლთან“ 76:80 დამარცხდნენ.
 

გრინი “კახასოლის” ამერიკელ
ლეგიონერ პოლ დევისს ატყუებს
 
მატჩის ბომბარდირი 18 ქულით გრინი გახდა. საქართველოს ნაკრების გამთამაშებელმა ძირითადად შორი სროლებით დააგროვა ქულები. მან 6 ცდიდან მხოლოდ 1 ორიანი ჩააგდო, თუმცა სამქულიანი ნიშნულის მიღმიდან 7 ცდაში 4 სროლა ჩააგდო, რასაც 4–დან 4 საჯარიმო მოაყოლა და ბომბარდირიც გახდა. გრინს ასევე 2 მოხსნა და ამდენივე პასი ჰქონდა.
 
რაც შეეხება საქართველოს ნაკრების მეორე ნატურალიზებულ ამერიკელს, ქუინტონ ჰოსლი ტრადიციულად სტაბილურია. მისი გუნდიც სტუმრად თამაშობდა და გამარჯვებაც მოახერხა. „ხუვენტუდმა“ ბილბაოში „ბისკაია“ 92:85 დაამარცხა, ჰოსლის ანგარიშზე კი 13 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი იყო. ჰოსლიმ 8–დან 4 ორქულიანი, 2–დან 1 სამიანი და 3–და 2 საჯარიმო ჩააგდო.  8 მატჩიდან 5 გამარჯვებით „ხუვენტუდი“ ცხრილში მე–5 ადგილზეა, გრინის „გრან კანარიას“ კი 4–4 მოგებ–წაგება აქვს და მე–10 ადგილზეა განთავსებული.
 
ესპანეთში მოთამაშე საქართველოს ნაკრების მესამე წევრმა ნიკა ცქიტიშვილმა დასანანი შეხვედრა წააგო. მისი „ლაგუნ არო“ თითქმის მთელი თამაშის განმავლობაში უგებდა მასპინძელ „მანრესას“, მაგრამ საბოლოოდ ქულით –  74:75 დამარცხდა.
 
ქართველმა ფორვარდმა 18 წუთი ითამაშა და 1–დან 1 ორიანი და 7–დან 2 სამქულიანი ჩააგდო. შესაბამისად, 8 ქულა მოუგროვდა, რასაც  6 მოხსნა და 2 პასიც მოაყოლა. სანსებასტიანელებსაც 5 მოგება და 3 მარცხი გაუხდათ და „ხუვენტუდის“  შემდეგ 6 ადგილზე არიან განთავსებულნი.
 
                     გერმანული ბუნდესლიგა
გერმანიის ბუნდესლიგაში კვლავ წააგო ლაშა გამყრელიძის „გიოსენმა“, რომელიც ამჯერად შინ, გერმანიის ერთ–ერთ ყველაზე წარმატებულ გუნდ „ალბასთან“ დამარცხდა – 77:85. საქართველოს ნაკრების გამთამაშებელი ამ მატჩში 7 პასით გამოირჩა, რასაც 5 ქულა დაურთო. გამყრელიძე ხუთეულში იყო და მოედანზე მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტ ხანს, 32 წუთი დაჰყო. 5 გამარჯვებითა და 6 მარცხით „გიეოსენი“ მე–10 ადგილზე ჩამოქვეითდა.
 
             იტალიის სერია A 
ვიქტორ სანიკიძემ წინა ტურში, 13 ნოემბერს გამართულ შეხვედრაში „კასერტასთან“ ტრავმა მიიღო. იმ შეხვედრაში ვიქტორმა მხოლოდ 6 წუთს ითამაშა, დღეს კი მოედანზე არ გამოჩენილა. მისი „კანადიან სოლარი“ „მონტეგრანაროს“ ხვდებოდა და დაძაბულ ბრძოლაში – 77:79 დამარცხდა. სანიკიძის ტრავმა არაა საშიში და ის მოედანს სავარაუდოდ მომავალ მატჩში დაუბრუნდება.