ესპანეთის პრიმერადივიზიონი
სულ ცოტა დააკლდა ქართულპასპორტიანი ტორინ გრინის „გრან კანარიას“, მადრიდში ესპანური კალათბურთის გრანდი „რეალი“ რომ დაემარცხებინა. პირველი ტაიმის შემდეგ კუნძულელები 44:35 იგებდნენ, გადამწყვეტი მეოთხედის დაწყებამდე კი კანარელები 5 ქულით იყვნენ წინ. ბოლო ათწუთეულშიც თავდადებით თამაშობდნენ სტუმრები, თუმცა საბოლოოდ დრამატულ ფინალში ქულით დამარცხდნენ – 73:74.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული წევრი თავისიანთაგან ერთ–ერთი საუკეთესო იყო. ტორინ გრინი კანარელთა გუნდის იმ სამეულში შევიდა, რომლებმაც ყველაზე მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი დაიმსახურეს. აღნიშნული მაჩვენებელი თანაბარი (11) ჰქონდათ გრინს, ჯეისი ქეროლს და ხავი რეის.
ტორინ გრინმა 5–დან 3 ოქრულიანი და 6–დან 1 სამიანი ჩააგდო, 9 ქულა დააგროვა და ამას 3 მოხსნა, 4 პასი და 2 ჩაჭრაც მოაყოლა. იგი სასტარო ხუთეულში იყო და მოედანზე 30 წუთი გაატარა.
„გრან კანარია“ 14 გამარჯვებითა და 13 წაგებით ცხრილში მე–9 ადგილზეა, თუმცა 27 მარტს ტურის კიდევ 7 თამაში გაიმართება.
ტორინ გრინი (ჰაერში) ყოველი ბურთისთვის ბოლომდე იბრძოდა
იტალიის სერია A
შაბათს იტალიის უმაღლეს ლიგაში მხოლოდ 1 შეხვედრა გაიმართა და მასშიც ქართველმა მიიღო მონაწილეობა. ვიქტორ სანიკიძის „კანადიან სოლარი“ ტრევიზოში „ბენეტონს“ შეხვდა და 71:79 დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 28 წუთში 8 ქულა, 6 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 პასი მიითვალა. სანიკიძემ 4–დან 2 ორქულიანი და 8–დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამქულიანი კი ააცილა.
სანიკიძის გუნდი სერია A–ს ცხრილში მე–4 ადგილზეა, თუმცა დროებით, დღეს ტურის დანარჩენი მატჩები გაიმართება.
ბელგიის ჩემპიონატი
დასანანი მარცხი იწვნია პლეი ოფში გასვლისთვის მებრძოლმა თორნიკე შენგელიას „პეპინსტერმა“. ვერვიერსელებმა ჩემპიონატის ერთ–ერთ ლიდერ „ოკაპის“ უმასპინძლეს და 2 ქულის სხვაობით – 90:92 დამარცხდნენ.
19 წლის ქართველმა ლეგიონერმა გასულ ტურში სეზონის საუკეთესო მატჩი ითამაშა. ამჯერად შენგელიამ მოედანზე 23 წუთი გაატარა და შეხვედრა 8 ქულით და 3 მოხსნით დაასრულა. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა 6–დან 3 ორქულიანი და 5–დან 2 საჯარიმო ჩააგდო. საუკეთესო სტივენ ჯექსონმა კი 32 ქულას მოუყარა თავი.
7 მოგებითა და 15 მარცხით „პეპინსტერი“ მეშვიდე ადგილზეა. მომდევნო ტურში შენგელიას გუნდი ისვენებს.
ესტონეთის ჩემპიონატი
რეგულარული ჩემპიონატის ბოლოსწინა მატჩი გამართა გიორგი ცინცაძის „როკმა“ და მოსალოდნელი გამარჯვებაც მოიპოვა. ტარტუელებმა შინ „რაკვერე“ დაამარცხეს – 88:72. ერთადერთი მატჩის გამართვა დარჩათ ტარტუელებს, რომელმაც რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებული უნდა გამოავლინოს. 29 მარტს „როკი“ „კალევ–კრამოს“ მასპინძლობს. ორივე გუნდს 28 გამარჯვება და 3 მარცხი აქვს. რეგულარულის მოგება მნიშვნელოვანი იმითაა, რომ პირველადგილოსანს პლეი ოფის ყველა რაუნდში მოედნის უპირატესობა ექნება. ეჭვი არაა, ფინალშიც ეს გუნდები შეხვდებიან ერთმანეთს და ამიტომ, ორივე მათგანს სურს, საჩემპიონო სერიაში მეტი შეხვედრა საკუთარ ქალაქში გამართოს.
რაც შეეხება „რაკვერესთან“ მატჩს, ცინცაძემ მასში 29 წუთი ითამაშა. გიორგიმ 9 ქულა, 7 მოხსნა, 5 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. ის თავისიანთაგან ერთ–ერთი საუკეთესო იყო.