“ტროფი ტური” საქართველოში – ევრობასკეტის თასის პრეზენტაცია

“ტროფი ტური” საქართველოში – ევრობასკეტის თასის პრეზენტაცია
საქართველოს ოლიმპიურ მუზეუმში ,,ევრობასკეტის” თასის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე იოსებ ბაღათურია და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე მაისურაძე დაესწრნენ.
 
ნიკოლაი სემაშკოს სახელობის თასი თბილისში, როგორც ევროპის ჩემპიონატის მასპინძელ ერთ-ერთ ქალაქში, FIBA-ს პროექტის, Trophy Tour-ის ფარგლებში 11 აგვისტოს ჩამოიტანეს. ქართული ტურის ფარგლებში დაგეგმილია თასის მიტანა ქალაქის სხვადასხვა ღირსშესანიშნავ ადგილას. ტურის ბოლოს კი ,,ევრობასკეტის ” თასს ქართველი მაყურებელი 12 აგვისტოს საქართველო-ისრაელის ამხანაგურ საკალათბურთო მატჩზე იხილავს.
 
აღსანიშნავია, რომ თბილისი ,,ევრობასკეტის” A ჯგუფის მატჩებს უმასპინძლებს. ჯგუფური ეტაპი 1 სექტემბერს დაიწყება და 7 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. საქართველოს ნაკრების მეტოქეები ესპანეთის, თურქეთის, მონტენეგროს, ბელგიისა და ბულგარეთის ნაკრებები იქნებიან.