ცენტრალური და გაცნობის მატჩი

ცენტრალური და გაცნობის მატჩი

II ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ორი
დებიუტანტი – „არმია“ და „ ქუთაისი“ შეხვდებიან. შეხვედრა საკმაო ინტერესს იწვევს.

 

ქუთაისელთა თამაში
გულშემატკივარმა ასე თუ ისე იცის, თავდაცვის სამინისტროს გუნდი კი საქმეში ჯერ არ
გვინახავს. „არმიამ“ დუდუ დადიანის მემორიალზე თამაშისგან თავი შეიკავა და ეს
ნაბიჯი მომრავლებული ტრავმებით ახსნა, ხოლო სუპერლიგის პირველ ტურში არმიელები ისვენებდნენ.
ასე და ამგვარად, ლევან მოსეშვილის გუნდს ოფიციალური ჯერ მატჩი არ გაუმართავს და
ყველასთვის საინტერესოა, თუ როგორი კოლექტივი შეიკრა „არმიაში“. თუკი სახელებით
განვსჯით, თავდაცვის სამინისტროს გუნდი საკმაოდ ძლიერია და ჩემპიონობისთვისაც
იბრძოლებს. უკანა ხაზში არმიელებს ეროვნული ნაკრების წევრები ჰყავთ კოტე ტუღუშისა
და ანატოლი ბოისას სახით. ნაკრების ყოფილი წევრები თამაშობენ წინა ხაზშიც –  ზვიად ბაბიაშვილი, დავით უგრეხელიძე და მიხეილ
ბერიშვილი.  ეს უკანასკნელი შარშან ეროვნულ
ნაკრებში იყო, წლეულს კი კოკოშკოვის გუნდში ვარჯიშობდა, მაგრამ 12 ძირითად
კალათბურთელში ვერ მოხვდა.

 

ამათ გარდა არმიელებს საკმაოდ ძლიერი და სუპერლიგაში გამოცდილი
მოთამაშეები ჰყავთ – ვახტანგ მინაშვილი, სერგო ათუაშვილი. რევაზ ათანელიშვილი. ლევან
მოსეშვილის გუნდშია ასაკობრივი ნაკრებების ყოფილი წევრი დავით საყვარელიძეც,
რომელიც ამერიკაში იმყოფებოდა და ერთი ხანობა ვარჯიშისთვის თავი ჰქონდა დანებებული.

 

რაც შეეხებათ ქუთაისელებს, მათაც არ ჰყავთ ურიგო გუნდი. იმერლები
წარსულში ეროვნული ჩემპიონატის უცვლელი წევრები იყვნენ, მაგრამ ფინანსური
გაჭირვების გამო ბოლო 5 წელია, გუნდის შეკრებას ვერ ახერხებდნენ. ამ სეზონიდან კი
ქუთათურებმა საკმაოდ სოლიდურ შემადგენლობას მოუყარეს თავი და დუდუ 19–24 ოქტომბერს
გამართულ დადიანის მემორიალზეც საკმაოდ კარგად წარმოაჩინეს თავი. ქუთათურებმა ერთის
გარდა ყველა თამაშო მოიგეს ჯგუფში, ხოლო სუპერლიგის პირველ ტურში საკუთარ მოედანზე
დაძაბულ ბრძოლაში წააგეს „ენერჯი–ინვესტთან“.

 

ერთი სიტყვით, ორი დებიუტანტის მატჩი მატჩი საინტერესო უნდა
გამოვიდეს. შეხვედრა 14 საათზე დაიწყება და საზოგადოებრივ არხზე პირდაპირ ეთერში
გადაიცემა.