ცინცაძე და პულენი ევროთასის ჯგუფიდან გასვლის ზღვარზე არიან

ცინცაძე და პულენი ევროთასის ჯგუფიდან გასვლის ზღვარზე არიან

საქართველოს ეროვნული ნაკრების ორივე გამთამაშებლის გუნდმა ევროთასის დღვანდელ, ბოლოსწინა ტურში იმარჯვა. გიორგი ცინცაძის „ბუდიველნიკმა“ კიევში ჩეხური „ნიმბრუკი“ დაამარცხა, ხოლო ჯეიკობ პულენის „ჰაპოელმა“ იერუსალიმში ლიტვურ „პრიენაის“ შანსი არ დაუტოვა.
საქართველოს ნაკრების ორივე წევრის გუნდს გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდა, რათა მომდევნო ეტაპზე გასვლისთვის ბრძოლა არ შეეწყვიტათ. ახლა, როცა ბოლოსწინა ტურის მატჩები მოგებულია, ბოლო ტურს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. „ბუდიველნიკი “ მეორე ადგილზეა და ბოლო ტურში სტუმრად „პრიენაის“ ხვდება, რომელიც პირველ წრეში კიევში 27 ქულით დაამარცხა. შესაბამისად, მეორე გამსვლელი ადგილის შენარჩუნების შესანიშნავი შანსი აქვს.

პულენის „ჰაპოელი“ 12 დეკემბერს ჩეხეთში  „ნიმბრუკს“ ეთამაშება და თუ მოუგო, პარალელურად კი „ბუდიველნიკი“ ლიტვაში დამარცხდა, ოთხივე გუნდი 3–3 მოგებ–წაგებას აგროვებს და ყველაფერს ბურთების შეფარდება გადაწყვეტს.

დღევანდელ მატჩებში კი საქართველოს ნაკრების წევრებმა შემდეგი შედეგიანობა აჩვენეს: ცინცაძემ, რომლის „ბუდიველნიკმაც“ „ნიმბრუკი 72:62 დაამარცხა, მოედანზე 23:24 წუთი გაატარა და თავი 8 ქულას, 4 მოხსნას, 2 პასს და 1 ჩაჭრას მოუყარა. ქართველმა უკანახაზელმა 7 ცდიდან 4 ორქულიანი ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა. კიეველთა შორის საუკეთესო ამერიკელი მალკოლმ დილეინი იყო, რომელმაც 28 ქულა მოინაგრა. მის გარდა ვერც ერთმა კიეველმა 10–ქულიან ზღვარს ვერ მიაღწია.

რაც შეეხება პულენს, მისმა გუნდმა „პრიენაი“ 92:79 დაამარცხა. საქართევლოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთლმა 29 წუთში 10 ქულა ,6 პასი, 2 ჩაჭრა და 1 მოხსნა მოინაგრა. პულენმა 9–დან 2 ორქულიანი 5–დან 1 სამიანი და 3–დან სამივე საჯარიმო ჩააგდო. მის თანაგუნდელთაგან იშვიათი შედეგიანობა გამოავლინა კორტნი ფილზმა, რომელმაც 11–დან 10 ორქულიანი ჩააგდო და 25 ქულა, 7 მოხსნა და 5 პასი მიითვალა.

გააგრძელებენ თუ არა ცინცაძე და პულენი ევროთასზე ასპარეზობას, 12 დეკემბერს, გვიან ღამით შევიტყობთ.
 

 
A ჯგუფი
ბუდიველნიკი           5          3          2         8
ნიმბრუკი                   5         3           2         8           
ჰაპოელი                     5         2           3          7
პრიენაი                      5         2           3          7
 
ბოლო ტური:
12 დეკემბერი
პრიენაი – ბუდიველნიკი
ნიმბრუკი – ჰაპოელი