ცინცაძე ევროთასის მერვედფინალში 14 ქულითა და 6 პასით გავიდა

ცინცაძე ევროთასის მერვედფინალში 14 ქულითა და 6 პასით გავიდა

გიორგი ცინცაძის აქტიური მონაწილეობით კიევის „ბუდიველნიკმა“ ევროთასის მერვედფინალის საგზური მოიპოვა. უკრაინულმა კლუბმა მეორე ჯგუფური ეტაპის ბოლო, მე-6 ტურში რუსულ კლუბს – ლიუბეცკის „ტრიუმფს“ უმასპინძლა და 88:77 დაამარცხა. შედეგად, კიეველებს 4 მოგება და 2 მარცხი დაუგროვდათ, რითაც ჯგუფში პირველი ადგილი და მერვედფინალის საგზური გაინაღდეს.
 
პირველი ადგილის დაკავებით „ბუდიველნიკმა“ მერვედფინალში მოედნის უპირატესობა გაინაღდა. კიეველები პლეი ოფის პირველ რაუნდში სანკტ-პეტერბურგის „სპარტაკს“ დაუპირისპირდებიან, რომელმაც K ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა.
 
რაც შეეხება დღევანდელ გამარჯვებას, კიეველების წარმატებაში მნიშვნელოვანი წილი უდევს ქართველ გამათამაშებელს, რომელმაც მატჩის ბოლო 4 წუთში 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. სწორედ მაშინ წყდებოდა შეხვედრის ბედი, როცა ტრიუმფელები ცინცაძეზე ჯარიმდებოდნენ. ცინცაძის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ კრიტიკულ მომენტში მან არც ერთი სროლა არ ააცილა და რუსულ კლუბს მიახლოების საშუალება არ მისცა.
 
ცინცაძე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 24 წუთში 14 ქულა, 6 შედეგიანი გადაცემა და 3 მოხსნა მიითვალა. ქართველმა გამთამაშებელმა 3-დან 2 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. საერთო სარგებლიანობის კოეფიციენტით ცინცაძე (18) თავის გუნდში მხოლოდ მალკოლმ დილეინს (34) ჩამორჩა, ვინაც 33 წუთში 26 ქულა და 7 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. რაც შეეხებათ ტრიუმფელებს, 17 ქულით საუკეთესო თაივეინ მაკკი გახლდათ, ხოლო სერგეი კარასიოვმა 15 მიითვალა.
 
ბოლო ტურის მატჩში მეორე ჯგუფურ ეტაპზე პირველი გამარჯვება მოიპოვა ბექა ბურჯანაძის „კახასოლმა“, რომელმაც პლეიოფგანაღდებული სანკტ-პეტერბურგის „სპარტაკის“ 68:66 ძლევით ევროთასიდან კარი გაიჯახუნა. ქართველმა ფორვარდმა 5 წუთი ითამაშა და მხოლოდ 1 მოხსნის მითვლა მოასწრო.