ცინცაძის 14 ქულა და გამარჯვება ფინალური სერიის პირველ მატჩში

ცინცაძის 14 ქულა და გამარჯვება ფინალური სერიის პირველ მატჩში

გიორგი ცინცაძის „ბუდიველნიკმა“ უკრაინის ჩემპიონატის ფინალური სერია გამარჯვებით დაიწყო. კიეველები ქვეყნის უმთავრეს ტიტულს მარიუპოლის „აზოვმაშს“ ეცილებიან, რომელიც პირველ შეხვედრაში 89:82 დაამარცხეს.
 
ცინცაძის გუნდმა გამარჯვება ბრძოლაში მოიპოვა. კიეველებს ერთ-ერთი ლიდერი – ამერიკელი ლეო ლაიონსი დაუშავდათ, რომელმაც მხოლოდ 5 წუთი ითამაშა. პირველი მეოთხედი „ბუდიველნიკმა“ 14:24 წააგო და რთულ სიტუაციაში ჩავარდებოდა, თამაში მალევე რომ არ გამოესწორებინა. მეორე პერიოდში კიეველებმა 28:14 იძალეს და დიდ შესვენებაზე 4-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ.
 

 
მარიუპოლელებმა მაინც მონახეს ძალები და მესამე პერიოდის მოგებით გადამწყვეტ მეოთხედს 1-ქულიანი ლიდერობით შეეგებნენ, თუმცა მასპინძლებმა შესანიშნავად ითამაშეს დასკვნით ათწუთეულში და სერია გამარჯვებით დაიწყეს.
 
ცინცაძე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 29:32 წუთი გაატარა. ქართველი გამთამაშებელი ერთ-ერთი საუკეთესო იყო და პირად ანგარიშზე 14 ქულა, 4 პასი, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა ჩაიწერა. ცინცაძე სავარაუდოდ მეტსაც მოაგროვებდა, მოედანი 5 პერსონალურის გამო რომ არ დაეტოვა. გიორგიმ 3-დან 1 ორქულიანი, 4-დან 2 სამიანი და 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. „ბუდიველნიკში“ 23 ქულით საუკეთესო დაინიუს სალენგა გახლდათ, ხოლო მალკოლმ დილეინის ანგარიშზე 17 დაგროვდა.
 
ფინალური სერიის მეორე მატჩი კვლავ კიევში, 17 მაისს გაიმართება, რის შემდეგაც სერია მარიუპოლში გადაინაცვლებს.