ცინცაძის 16 ქულამ ბუდიველნიკს ფინალის მეორე მატჩში ვერ უშველა

ცინცაძის 16 ქულამ ბუდიველნიკს ფინალის მეორე მატჩში ვერ უშველა

გიორგი ცინცაძის შედეგიანი თამაშის მიუხედავად, კიევის „ბუდიველნიკმა“ უკრაინის ჩემპიონატის ფინალური სერიის მეორე მატჩი მარიუპოლის „აზოვმაშთან“  73:77 წააგო და მოედნის უპირატესობა დაკარგა.
 
პირველ და განსაკუთრებით, მეორე მეოთხედში მარიუპოლელებმა ისეთი საიმედო უპირატესობა მოიპოვეს, რომ საბოლოოდ გამარჯვებამდე მისვლა აღარ გაუჭირდათ. „ბუდიველნიკმა“ მეორე მეოთხედი 8:21 წააგო და დიდი შესვენებისთვის მარიუპოლელებს 18 ქულით ჩამორჩებოდა. მატჩის მეორე ნახევარში მასპინძლებმა თამაში გამოასწორეს, თუმცა გამარჯვების მოპოვება ვეღარ მოახერხეს.
 

 
ქართველი გამთამაშებელი კიეველთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ცინცაძე ბომბარდირ მალკოლმ დილეინს (17 ქულა) 1 ქულით ჩამორჩა. საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა 8-დან 5 ორქულიანი და 6-დან 2 სამიანი ჩააგდო, 1 საჯარიმო კი ააცილა. 16 ქულასთან ერთად ცინცაძემ 6 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა, ბურთი კი 3-ჯერ დაკარგა.
 
4 გამარჯვებამდე მიმდინარე ფინალური სერიის მესამე და მეოთხე მატჩები 20 და 22 მაისს, მარიუპოლში გაიმართება.