ცინცაძის ბუდიველნიკმა ევროთასის მეოთხედფინალიდან სპარტაკი გამოაგდო

ცინცაძის ბუდიველნიკმა ევროთასის მეოთხედფინალიდან სპარტაკი გამოაგდო

გიორგი ცინცაძის გუნდი ევროლიგის შემდეგ რანგით მეორე ევროტურნირის ნახევარფინალში გავიდა. კიევის „ბუდიველნიკმა“ მოახერხა რუსეთში განცდილი 11–ქულიანი მარცხის შინ აღმოფხვრა და ევროთასის ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.
 
პირველი მატჩი კიეველებმა სანკტ–პეტერგურგში 72:83 წააგეს და საპასუხო მატჩის წინ სერიოზული ამოცანის წინაშე იდგნენ. „სპარტაკი“ საკმაოდ ძლიერი გუნდია და ბოლო მეოთხედის წინ მასპინძლებს მხოლოდ 5 ქულით ჩამორჩებოდა, თუმცა კიეველებმა გადამწყვეტ მომენტში დიდებულად ითამაშეს, მეტოქეს 14:1 გაქცევა მოუწყვეს და საბოლოოდ 17– ქულიანი სხვაობით – 73:56 იმარჯვეს.
 

 
გიორგი ცინცაძე სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და მოედანზე 17,26 წუთი გაატარა. სერიის წინა მატჩის მსგავსად ქართველმა უკანახაზელმა მოედანი ამჯერადაც უქულოდ დატოვა. ცინცაძემ 3 ორქულიანი და 2 სამიანი ააცილა. მის ანგარიშზე 3 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩჭრა იყო.
 
ნახევარფინალში გასუ „ბუდიველნიკს“ მძლავრი მეტო ჰყავს ესპანურ „ბილბაოს“ სახით. ნახევარფინალური სერიის პირველი მატჩი 20 მარტს კიევში გაიმართება, ხოლო 1 კვირის შემდეგ გუნდები საპასუხო შეხვედრას ბილბაოში გამართავენ. ამ 2 მატჩის ჯამში საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი ფინალში გავა. მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს რუსული „ლოკომოტივი“ და ესპანური „ვალენსია“ ხვდებიან.