ცინცაძის ბუდიველნიკმა ევროთასზე ლიდერობა დათმო

ცინცაძის ბუდიველნიკმა ევროთასზე ლიდერობა დათმო

ევროთასის მეორე ჯგუფური ეტაპის 2 გამარჯვებით დაწყების შემდეგ გიორგი ცინცაძის „ბუდიველნიკმა“ დასანანი მარცხი იწვნია. კიევურმა გუნდმა ჩერნოგორიულ „ბუდუჩნოსტს“ უმასპინძლა და ბოლო მეოთხედის ჩაგდების გამო 75:79 წააგო.
 
კიეველები გამარჯვებასთან ახლოს იყვნენ. მესამე მეოთხედის 25:11 მოგების შემდეგ ცინცაძის გუნდი 65:55 დაწინაურდა. სწორედ 10-ქულიანი უპირატესობით დაიწყო „ბუდიველნიკმა“ ბოლო ათწუთეული და მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხა. ჩერნოგორიულმა გუნდმა მძლავრად ჩაატარა გადამწყვეტი პერიოდი, რომელიც 24:10 მოიგო და საბოლოოდ გამარჯვებასაც მიაღწია.
 
ცინცაძემ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 22,41 წუთი გაატარა. ქართველმა გამთამაშებელმა 4-დან 1 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, რამაც 7 ქულა შეადგინა. ამასთან ერთად ცინცაძემ 3 შედეგიანი გადაცემა და 1 მოხსნა მიითვალა, ბურთი კი 3-ჯერ დაკარგა.
 
კიეველთაგან 20 ქულით ბომბარდირი მალკოლმ დილეინი გახდა, რომელმაც ბოლო წამებზე, გადამწყვეტ მომენტში, ბურთი დაკარგა და „ბუდიველნიკის“ დამარცხებაც ამ მომენტში გადაწყდა. ჯგუფის მეორე მატჩში „ბანვითმა“ „ტრიუმფი“ დაამარცხა და ლიდერთა შორის 3 გუნდი განთავსდა. „ბუდიველნიკს“, „ბანვითს“ და „ბუდუჩნოსტს“ 2 მოგება და 1 მარცხი აქვთ, ხოლო რუსული ტრიუმფი 3 წაგებით ბოლო ადგილზე იმყოფება.
 
მომდევნო მატჩს „ბუდიველნიკი“ კვლავ „ბუდუჩნიოსტთან“, ოღონდ ამჯერად ჩერნოგორიაში, 30 იანვარს გამართავს.