ცინცაძის “ბუდიველნიკმა” რუსეთში ერთი ქულით იმარჯვა

ცინცაძის “ბუდიველნიკმა” რუსეთში ერთი ქულით იმარჯვა

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრის, გიორგი ცინცაძის „ბუდიველნიკმა“ რუსეთში „ტრიუმფი“ დაამარცხა. ევროთასის გათამაშების მეორე ჯგუფურ ეტაპზე კიეველები ლიუბეტსკში ადგილობრივ „ტრიუმფს“ შეხვდნენ და დრამატულ ფინალში 85:84 იმარჯვეს.
 
კიეველებმა პირველ ტურში შინ თურქული „ბანვითი“ დაამარცხეს, ეხლა კი მეორე გამარჯვების მოპოვებით ჯგუფიდან გასვლაზე სერიოზული განაცხადი გააკეთეს. ცინცაძის გუნდმა პირველი ტაიმი 6 ქულით მოიგო, თუმცა მესამე პერიოდში 12:27 განადგურდა და გადამწყვეტი ათწუთეულის წინ 9 ქულით ჩამორჩა. კიეველებმა მატჩის ბოლო პერიოდში შედეგიანად ითამაშეს, რომელიც 20:10 მოიგეს და საბოლოოდ მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვეს.
 
ცინცაძე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 31,24 წუთი გაატარა. ქართველმა გამთამაშებელმა 5-დან 2 ორქულიანი, 4-დან 1 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ცინცაძეს 9 ქულა, 3 პასი, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა დაუგროვდა. კიეველებს 26 ქულითა და 16 მოხსნით ლეო ლაიონსმა ულიდერა, ხოლო მალკოლმ დილეინმა შეხვედრა 16 ქულით დაასრულა.
 
2 ტურის შემდეგ 2 გამარჯვებით „ბუდიველნიკი“ A  ჯგუფის ლიდერია. ჯგუფის მეორე მატჩში „ბანვითმა“ თურქეთში ჩერნიგორიული „ბუდუჩნოსტი“ 89:80 დაამარცხა. მომდევნო მატჩს „ბუდიველნიკი“ 23 იანვარს შინ „ბუდუჩნოსტთან“ გამართავს.
 
დღესვე ევროთასზე ითამაშა და სანკტ-პეტერბურგში „სპარტაკთან“ დამარცხდა ბექა ბურჯანაძის „კახასოლი“, თუმცა ქართველი ფორვარდი განაცხადში არ იმყოფებოდა.