ცინცაძის ჩემპიონობის დაკარგული და ხელახალი შანსი

ცინცაძის ჩემპიონობის დაკარგული და ხელახალი შანსი

გიორგი ცინცაძის „ბუდიველნიკს“ უკრაინის ჩემპიონობამდე 2 ქულა დააკლდა, თუმცა პირველობის შანსი არ დაუკარგავს. ფინალური სერიის მე-6 მატჩში კიეველები მარიუპოლში, „აზოვმაშთან“ 95:96 დამარცხდნენ, რის შემდეგაც საერთო ანგარიში გათანაბრდა – 3:3. წინ მე-7, გადამწყვეტი მატჩია. 31 მაისს ვინც გაიმარჯვებს, ჩემპიონიც ის გახდება. სუპერფინალს „ბუდიველნიკი“ უმასპინძებს, რომელსაც რეგულარული ჩემპიონატის მოგება სეზონის ბოლო მატჩში გამოადგა.
 
მატჩი დაძაბული და საინტერესო გამოდგა. ლიდერი რამდენჯერმე შეიცვალა. პირველი მეოთხედი მასპინძლებმა 6 ქულით მოიგეს, თუმცა დიდ შესვენებაზე კიეველები 2-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ. გადამწყვეტი პერიოდის წინ კვლავ „აზოვმაში“ დაწინაურდა (3 ქულით). ყველაფერი ბოლო წუთზე, სამწუხაროდ, მასპინძელთა სასარგებლოდ გადაწყდა. მარიუპოლელებმა 96:95 მოიგეს და ჩემპიონობის შანსი შეინარჩუნეს.
 
ქართველი გამთამაშებელი კიეველთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ცინცაძემ სასტარტო ხუთეულში – 30,10 წუთი ითამაშა, რის განმავლობაშიც 15 ქულა, 9 შედეგიანი გადაცემა და 5 მოხსნა მოაგროვა. გიორგიმ 10-დან 3 ორქულიანი და 5-დან 3 სამიანი ჩააგდო. ცინცაძეზე შედეგიანად კიეველთაგან მხოლოდ ლეო ლაიონსი გაისარჯა, რომელმაც 31 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა. მასპინძლებს კი ამერიკელმა ლინ გრირმა ულიდერა, რომელმაც 34 ქულა და 13 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.