ცინცაძის და ბერიშვილის “ალ შამალმა” გასული ტურის მატჩები მოიგო და ლიდერებში გაერია

ცინცაძის და ბერიშვილის “ალ შამალმა” გასული ტურის მატჩები მოიგო და ლიდერებში გაერია

მიხეილ ბერიშვილისა და გიორგი ცინცაძის “ალ შამალმა” წარმატებით ითამაშა ახალი წლის დღეებში გამართული ყატარის ჩემპიონატის მატჩები და ლიდერთა შორის დამკვიდრდა,

“ალ შამალი” თავდაპირველად “ალ გარაფას” ესტუმრა და 89:78 სძლია, ქართველი ლეგიონერები კი ძალიან აქტიურები იყვნენ. ცინცაძემ მოედანზე 40 წუთი გაატარა და 21 ქულა, 6 მოხსნა, 8 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა.

ქართველმა გამთამაშებელმა 9-დან 3 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 12-ვე საჯარიმო ჩააგდო, ერთხელ დაუფარეს, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 7-ჯერ დაჯარიმდნენ.
შედეგად, გიორგის სარგებლიანობის კოეფიციენტი 21-ს გაუტოლდა და ის თანაგუნდელთა რიგებში მხოლოდ კაპიტან მოჰამედ ჰარატს (25) ჩამორჩა, რომელმაც 25 ქულას 20 მოხსნა წაამატა.

რაც შეეხება ბერიშვილს, მან 37:54 წუთი ითამაშა და 13 ქულა, 5 მოხსნა, 5 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება მოაგროვა. მიშამ 3-დან 2 ორქულიანი და 8-დან 3 სამქულიანი გამოიყენა, ბურთი არ დაუკარგავს, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

“ალ შამალმა” დამაჯერებლად იმარჯვა (78:65) “ალ ვაკრასთანაც”. გადამწყვეტი მე-3 მეოთხედი გამოდგა, რომელიც მასპინძლებმა 29:9 მოიგეს.

ცინცაძემ მოედანზე 38:17 წუთი დაჰყო და 11 ქულა, 6 მოხსნა, 6 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა უკანახაზელმა 7-დან 2 ორქულიანი, 7-დან 2 სამქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 4-ჯერ დაჯარიმდა, ხოლო მის წინააღმდეგ თამაშის წესები 3-ჯერ დაირღვა.

ბერიშვილი საქმეში 31:00 წუთი იყო და გუნდს 9 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება შესძინა. მიხეილმა 8-დან 3 სამქულიანი გამოიყენა, ორქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.

ამ მატჩშიც ყველაზე შედეგიანი ჰარატი იყო, რომელმაც უკვე ტრადიციული ორმაგი დუბლი შეასრულა – 18 ქულა, 25 მოხსნა.

“ალ შამალს” 4 მოგებითა და 1 მარცხით სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილი უკავია და მხოლოდ ლიდერ “ალ სადს” (5 გამარჯვება) ჩამორჩება. ქართველ კალათბურთელთა გუნდს მომდევნო მატჩი 5 იანვარს “ალ აჰლისთან” ელის.