ცინცაძის და შერმადინის თითო კარგი მატჩი ამხანაგურებში

ცინცაძის და შერმადინის თითო კარგი მატჩი ამხანაგურებში

სანამ ისრაელში ეროვნული პირველობა დაიწყებოდეს, კლუბები ამხანაგურ, მოსამზადებელ მატჩებს მართავენ. გიორში შერმადინი „მაკაბი“ გასულ უქმეებზე პარიზში იმყოფებოდა, სადაც ორდღიან ტურნირში მიიღო მონაწილეობა.

ნახევარფინალურ მატჩში ებრეულმა კლუბმა მასპინძელ ”პარი ლევალუას” სძლია, საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა თავდამსხმელმა კი 12 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა.ამ გამარჯვებით მაკაბელები ფინალში გავიდნენ, სადაც თურქულ „გალათასარაის“ შეხვდნენ.  ქართველმა ცენტრმა სატიტულო მატჩშიც შედეგიანად ითამაშა. შერმადინმა ნახევარფინალის მსგავსად 12 ქულა მოაგროვა, ოღონდ ამჯერად ორმაგ დუბლს ვერ შესწვდა: 4 მოხსნა და მატჩში უმეტესი 5 დაფარება ჰქონდა. 
 უკრაინაში ეროვნული პირველობა უკვე დაიწყო, თუმცა გიორგი ცინცაძის კიევის „ბუდეველნიკი“ სპარინგ-მატჩების გამართვას განაგრძობს. კიეველებმა სანკტ-პეტერბურგში კონდრაშინის და ბელოვის თასზე ითამაშეს. ნახევარფინალურ მატჩში უკრაინელებმა ესტონური ”კალევი” 74:61 დაამარცხეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელმა 15 ქულა, 4 პასი და 4 ჩაჭრა მიითვალა. ფინალში „ბუდეველნიკი“ მასპინძელ ”სპარტაკს” დაუპირისპირდა და 76:75 დაამარცხა. გიორგი ცინცაძემ სატიტულო მატჩში 2 მოხსნა და 2 პასი მიითვალა.