ცინცაძის გუნდი დაუმარცხებელია, ბურჯანაძის – მოუგებელი

ცინცაძის გუნდი დაუმარცხებელია, ბურჯანაძის – მოუგებელი

ცინცაძის იღბლიანი და ბურჯანაძის უიღბლო სერია
 
გიორგი ცინცაძის „ბუდიველნიკმა“ უკრაინის სუპერლიგის მე–5 ტურში ჩემპიონატის მე–5 გამარჯვება იზეიმა. ანუ კიევური გუნდი კვლავ დაუმარცხებელია, თუმცა ცხრილში ერთპიროვნული ლიდერი მაინც არაა. 5–დან 5 მოგება აქვს ზაპოროჟიეს „ფეროსაც“, რომელიც ცინცაძის გუნდს მომდევნო ტურში მასპინძლობს და ერთპიროვნული ლიდერიც ამ მატჩის შემდეგ ეყოლება სუპერლიგას.
რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, „ბუდიველნიკმა“ „გალიჩინა“ 80:75 დაამარცხა. ქართველი გამთამაშებელი ერთ–ერთი საუკეთესო იყო. გიორგი ცინცაძე მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე 21 წუთი გაატარა. ქართველმა უკანახაზელმა 3–დან 2 ორქულიანი და 4–დან 2 სამიანი ჩააგდო, რასაც 2–დან 1 საჯარიმოც მიაბა და მთლიანობაში 11 ქულა დააგროვა. გარდა ამისა, ცინცაძეს 3 პასი, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა ჰქონდა . კიეველთაგან საუკეთესო კვლავ ლეო ლაიანსი გახდა, რომელმაც 17 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა.

„ბუდივილნიკის“ მსგავსად იმარჯვა ზაპოროჟიეს „ფერომ“, რომელიც ცინცაძის გუნდთნ ერთად რჩება სუპერლიგის უდანაკარგო ლიდერად. მომდევნო ტურში ერთმანეთს სწორედ ეს 2 დაუმარცხებელი გუნდი შეხვდება: 19 ოქტომბერს ზაპოროჟიეში ერთმანეთს „ფერო“ და „ბუდიველნიკი“ დაუპირისპირდება.
ესპანეთის ჩემპიონატში დამარცხდა ბექა ბურჯანაძის გუნდი. 18 წლის ქართველი კალათბურთელი ესპანეთის უმაღლეს ლიგას უშინაურდება, თუმცა ჯერჯერობით მისი გუნდი უიმედოდ აგებს. „კახასოლმა“ მესამე ტურის მატჩი მადრიდში, „ესტუდიანტესთან“ 46:76 დათმო.
ბურჯანაძემ 12,46 წუთს ითამაშა და მოედანი უქულოდ დატოვა. მის ანგარიშზე ერთადერთი შედეგიანი გადაცემაა. ქართველმა ფორვარდმა თითო სამ და ორქულიანი ააცილა. მომდევნო ტურში, 20 ოქტომბერს, „კახასოლი“ „გრან კანარიას“ შინაურ კედლებში დაუპირისპირდება.