ცინცაძის გუნდი კრივოი როგშიც გამარცხდა

ცინცაძის გუნდი კრივოი როგშიც გამარცხდა

უკრაინის ჩემპიონატის 5 გამარჯვებით დაწყების შემდეგ გიორგი ცინცაძის გუნდმა ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა. ჯერ იყო და ზაპოროჟიეში „ფეროსთან“ წააგო, დღეს კი „ბუდეველნიკმა“ შეხვედრა კრივოი როგშიც დათმო, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ „კრივბასთან“ დედაქალაქელებმა დრამატულ ბრძოლაში, ბოლო წამებზე წააგეს.
 
საფინალო სირენამდე 10 წამით ადრე კიეველები 69:68 იგებდნენ, თუმცა „კრივბასის“ ლეგიონერმა ჯეიმს ფლორენსმა შედეგიანი გარღვევა განახორციელა და მასპინძლები 70:69 დააწინაურა. „ბუდიველნიკს“ რამდენიმე წამი დარჩა მატჩის გადასარჩენად, მაგრამ მალკოლმ დილეინის ნატყორცნმა „ბუდიველნიკი“ წაგებისგან ვერ იხსნა.
 
კიევური გუნდის ქართველი ლეგიონერი ამ შეხვედრაში შედარებით ინერტული იყო. ცინცაძემ 16 წუთში მხოლოდ 1 ქულა მოაგროვა. მან 2 სამქულიანი და 1 ორიანი ააცილა, ხოლო 2 საჯარიმოდან 1 ჩააგდო. ქართველ გამთამაშებელს სხვა კომპონენტებში არა უშავდა. ცინცაძემ 3 პასი, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა.
 
ერთ დროს ლიდერ „ბუდიველნიკს“ 5 მოგების წინ 2 მარცხი აქვს და მე-4 ადგილზე იმყოფება. მომდევნო ტურში, 26 ოქტომბერს, კიეველები „დნიპროს“ უმასპინძლებენ.