ცინცაძის გუნდის მე-4 გამარჯვება უკრაინის სუპერლიგაში

გიორგი ცინცაძის გუნდის მორიგი გამარჯვება უკრაინის სუპერლიგაში. კიევის „ბუდიველნიკმა“ ამჯერად ივანა ფრანკოვსკის „გოვერლა“ 92:84 დაამარცხა და უკრაინის ჩემპიონატს დაუმარცხებლად, ზაპოროჟიეს „ფეროსთან“ ერთად ლიდერობს. „ბუდიველნიკის“ მსგავსად ოთხი მატჩიდან ოთხი გამარჯვება აქვს ფეროელებსაც და ეს გუნდები I-II ადგილებს იყოფენ.
 
„გოვერლასთან“ მატჩში ცინცაძემ 16,22 წუთს ითამაშა. ქართველი უკანახაზელი ამჯერად სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა. ცინცაძემ 4-დან 4 საჯარიმო და 3-დან 2 ორიანი ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა. შედეგად, საქართველოს ნაკრების წევრმა 8 ქულა დააგროვა, რასაც 3 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა მოაყოლა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა. კიეველთაგან 21 ქულით საუკეთესო ლეო ლაიონსი გახლდათ.
 
მომდევნო ტურში ცინცაძის გუნდი „გალიჩინას“ შეხვდება. მატჩი კიევში, 14 ოქტომბერს გაიმართება.