ცინცაძის გუნდმა წელი პრინციპულ მეტოქესთან მარცხით დაასრულა

ცინცაძის გუნდმა წელი პრინციპულ მეტოქესთან მარცხით დაასრულა

პრინციპული მატჩი წააგო გიორგი ცინცაძის გუნდმა. უკრაინული სუპერლიგის ლიდერები ერთმანეთს მარიუპოლში შეხვდნენ. მასპინძელმა „აზოვმაშმა“ ცინცაძის „ბუდიველნიკი“ დაძაბულ ბრძლაში – 87:78 დაამარცხა და კიეველებს სუპერლიგაში პირველი ადგილი წაართვა.
 
მასპინძები მცირედით სულ ლიდერობდნენ, თუმცა კიეველები ბევრით არ ჩამორჩბოდნენ და მოგების შანსს ბოლო წუთებამდე ინარჩუნებდნენ. ბოლო მეოთხედის წინ „აზოვმაში“ 6 ქულით იგებდა და ცინცაძის გუნდს ცოტაც რომ მოენდომებინა, სავარაუდოდ, გამარჯვებასაც მიაღწევდა, თუმცა მასპინძელთა ზეწოლას ვეღარ გაუძლო.
 

 
ცინცაძე სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და მოედანზე 28,20 წუთი გაატარა. წინა მატჩის მსგავსად გიორგიმ ამჯერადაც ბევრი ბურთი ააცილა. მან 7–დან 1 ორიანი და 3–დან 1 სამიანი ჩააგდო, რასაც 2 საჯარიმოც მიამატა და შეხვედრა 7 ქულით დაასრულა. ცინცაძე საუკეთესო იყო შედეგიან გადაცემებში, მის ანგარიშზე 6 პასი და 4 მოხსნაც დაგროვდა.
 
კიეველებს 22 ქულით მალკოლმ დილეინმა ულიდერა, ხოლო გამოცდილ არტურ დროზდოვს 15 ქულა ჰქონდა. აზოვმაშელებში 17 ქულასთან ერთად 14 შედეგიანი გადაცემა მიითვალა ლინ გრირმა, რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.
 
ამ გამარჯვებით „აზოვმაშმა“ „ბუდიველნიკს“ სუპერლიგის პირველი ადგილი წაართვა. მარიუპოლელებს 17 გამარჯვება და 5 მარცხი აქვთ, ხოლო კიეველებს 18 მოგება და 6 წაგება. მორიგ შეხვედრას „ბუდიველნიკი“ 11 იანვარს, „ოდესის“ წინააღმდეგ გამართავს, მანამდე კი, 7 იანვარს, ევროთასის გათამაშებაში ჩერთვება.