გიორგი ცინცაძის “როკი” გასულ კვირაში ბალტიის ლიგიდან გამოვარდა და ერთადერთ ასპარეზად შიდა ჩემპიონატი დარჩა. ტარტუელებმა ესტონეთის ჩემპიონატში მდევარი “ტტუ კალევი” სტუმრად 80:69 დაამარცხეს. ცინცაძის გუნდის მეტოქე მესამე ადგილზეა, ასე რომ, ეს გამარჯვება ტარტუელთათვის მნიშვნელოვანი იყო.
ქართველმა უკანახაზელმა 27 წუთს ითამაშა და 6 ქულა, 2 მოხსნა, 5 პასი და 4 ჩაჭრა განახორციელა. ცინცაძემ 4-დან 3 ორქულაინი ჩააგდო, ხოლო 4 სამიანი ააცილა.
“როკს” 27 გამარჯვება და 3 მარცხი აქვს და მეორე ადგილზე იმყოფება. ლიდერი კი “კალევ-კრამოა”, რომელსაც 28 მოგება და 3 წაგება აქვს. ტარტუელებს რეგულარული ჩემპიონატის პირველ ადგილზე დასრულების ჩინებული შანსი აქვთ. აამისოდ, მათ ბოლო ორი შეხვედრა უნდა მოიგონ. 26 მარტს სტუმრად სუსტ “რაკვერეს” ეთამაშებიან. ხოლო 29-ში ლიდერ “კალევ-კრამოს” მასპინძლობენ.