ცხუმ-აფხაზეთის გამარჯვება ვერასთან და ქუთაისის ზედიზედ მე-8 მოგება სუპერლიგაში

ცხუმ-აფხაზეთის გამარჯვება ვერასთან და ქუთაისის ზედიზედ მე-8 მოგება სუპერლიგაში

სუპერლიგის 3 მატჩი გაიმართა დღეს თბილისსა და რუსთავში. დედაქალაქში გამართული 2 შეხვედრიდან ორივე ყურადღებას იქცევდა. პირველ მატჩში ერთმანეთს ცხრილში მეზობლები, ცხუმ-აფხაზეთი და ვერა ხვდებოდნენ. 

მატჩი ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილი ცხუმ-აფხაზეთის უპირატესობით წარიმართა, რომელიც მცირე გამონაკლისის გარდა, მთელი თამაშის განმავლობაში ლიდერობდა. ვერელები მხოლოდ ერთხელ, ისიც 1 ქულით დაწინაურდნენ, ხოლო ცხუმ-აფხაზეთი ხელჩასაჭიდ ლიდერობას ინარჩუნებდა და საბოლოოდ გამარჯვებასაც მიაღწია – 75:67 (სტატისტიკა).

ცხუმ-აფხაზეთში 20 ქულითა და 12 მოხსნით საუკეთესო იყო რაჰიმ ჯონსონი. 1 მოხსნა დააკლდა ორმაგ დუბლამდე ალექსანდრე ფევაძეს – 11 ქულა, 9 მოხსნა. 12 ქულა და 7 პასი ტაილერ გრინმა მიითვალა. ვერელთაგან 17 ქულით, 4 პასითა და 4 მოხსნით საუკეთესო იყო ჯარედ ბრედლი, ჯოშუა ჰავლის ანგარიშზე კი 15 ქულა დაგროვდა. 

ეს ცხუმელების მე-6 გამარჯვება გახლდათ 9 თამაშის შემდეგ და ამ შედეგით ჩერქეზიშვილის გუნდი მე-3 ადგილზეა. ვერა კი 9-დან 3 მოგებით მე-6 პოზიციაზე იმყოფება. 

8 მატჩიდან 8 გამარჯვება აქვს და მე-2 ადგილზეა ქუთაისი. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა გუნდმა დღეს თბილისში კაკტუსს მოუგო. არჩილ ჟღენტის გაწვრთნილმა კაკტუსელებმა სუპერლიგის ერთადერთ დაუმარცხებელ გუნდს პირველ ნახევარში ტოლი არ დაუდეს. დიდი შესვენებისთვის ანგარიში თანაბარი – 41:41 იყო, თუმცა მესამე პერიოდში შეხვედრის ბედი გადაწყდა. ათწუთეული ქუთაისელებმა 28:12 მოიგეს და 16 ქულით გალიდერებულებმა დარჩენილ ათწუთეულში მატჩი სასურველ დასასრულამდე მშვიდად მიიყვანეს – 101:78 (სტატისტიკა)

გამარჯვებულებს 21 ქულით ჟოელ ალმეიდამ ულიდერა. 16 ქულა დააგროვა კაჰიმ რენსომმა, ხოლო დეჟან რაითის ანგარიშზე 15 ქულა დაგროვდა. კაკტუსში 15 ქულითა და 12 მოხსნით საუკეთესო იყო დარიუს უილიამსი. 18 ქულით მობმბარდირი სანდრო სანაძე გახდა. 

ქუთაისელები ცხრილში მხოლოდ თსუ-ს ჩამორჩებიან, რომელსაც 7 მოგება და 3 მარცხი აქვს.