ცხუმ-აფხაზეთმა დინამო პრინციპულ დაპირისპირებაში დაამარცხა

ცხუმ-აფხაზეთმა დინამო პრინციპულ დაპირისპირებაში დაამარცხა

რაც უფრო ახლოვდება რეგულარული ჩემპიონატის დასასრული, მით უფრო მძაფრდება ბრძოლა ცხრილის ბოლოში. ლიდერებში ბევრი რამე გარკვეულია და ასეც რომ არ იყოს, წინაა პლეი ოფი და ყველაფერი იქ უნდა გაირკვეს, ხოლო ცხრილის ბოლოში თუ ვერ იყოჩაღებს, ბოლო ადგილზე გასული გუნდი სუპერლიგის მიღმა დარჩება, ხოლო მეათეადგილოსანი გადათამაშებას ითამაშებს. ამიტომაც, ცხრილის ბოლოში მყოფი გუნდებისთვის ყოფნა-არყოფნის თამაშები დაიწყო. მით უფრო მნიშვნელოვანია მატჩი, როცა ერთმანეთს გასავარდნ ზონაში მყოფი გუნდები ხვდებიან. სწორედ ასეთი მატჩი შედგა დღეს, რომელშიც “ცხუმ-აფხაზეთმა” 105:91 (სტატისტიკა) დაამარცხა “დინამო” და საქართველოს არაერთგზის ჩემპიონს საქმე გაურთულა.

მატჩი ძალიან დაძაბული და უშეღავათო გამოდგა. ცხუმ-აფხაზეთმა მეტოქე ბოლო პერიოდში გატეხა, მანამდე კი მეტ-ნაკლებად თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა. მოთამაშეები ერთმანეთს არაფერს უთმობდნენ, იყო ხისტი, ტექნიკური ჯარიმებით დახუნძლული ორთაბრძოლა, თუმცა იყო შედეგიანობაც და საბოლოოდ საკმაოდ მაღალი ანგარიში დაფიქსირდა.

ჩინებულად ითამაშა ცხუმელთა ვეტერანმა წევრმა ვასილ ბერუაშვილმა, რომელმაც პირველ ნახევარში 20 ქულა ჩააგდო. მის შემდეგ ესტაფეტა ცხუმელთა ამერიკელმა ლეგიონერმა, ჯოშუა მაკფოლიმ გადაიბარა, რომელმაც 5 სამქულიანი ჩააგდო, აქედან 2 ძალიან საკვანძო, რის შედეგადაც მუჰამედ ტაჩის გაწვრთნილი დინამოელები საბოლოოდ გატყდნენ. 

საბოლოოდ ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილ ცხუმ-აფხზაზეთში 24 ქულით ვასილ ბერუაშვილი გახდა საუკეთესო. ალექსანდრე ფევაძემ 14 მოხსნა, 7 მოხსნა და 5 პასი მიითვალა, ხოლო ჯოშუა მაკფოლი 20 ქულით გამოირჩა. დინამოელთაგან 23 ქულითა და 9 მოხსნით საუკეთესო იყო მაიკლ ედვარდსი. ლუკა ბულაშვილი 25 ქულით ბომბარდირი გახდა. 

ამ გამარჯვებით ცხუმ-აფხაზეთი წელში გაიმართა და გასავარდნ ზონას ცოტა დაშორდა. დინამოელებმა კი საქმე ძალიან გაირთულეს. დღეს ოლიმპიური სასახლის მცირე დარბაზში სუპერლიგის კიდევ 3 მატჩი გაიმართება.