ცხუმ-აფხაზეთმა სუპერლიგის ნახევარფინალური კვარტეტი შეავსო

ცხუმ-აფხაზეთმა სუპერლიგის ნახევარფინალური კვარტეტი შეავსო

სუპერლიგის ბოლო ნახევარფინალისტი “ცხუმ-აფხაზეთია”. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილისა და ირაკლი ძიძიგურის გაწვრთნილმა გუნდმა მეოთხედფინალური სერიის გადამწყვეტ შეხვედრაში დამაჯერებელი სხვაობით – 79:58 (სტატისტიკა) დაამარცხა “ოლიმპი” და სუპერლიგის საუკეთესო ოთხეული შეავსო. ცხუმ-აფხაზეთამდე ნახევარფინალში გასულები იყვნენ რუსთავი, კაკტუსი და დინამო. ცხუმელები ნახევარფინალში დინამოელებს შეხვდებიან, შესაბამისად, მეორე ნახევარფინალში რუსთავი კაკტუსს დაუპირისპირდება.

ცხუმ-აფხაზეთისა და ოლიმპის მატჩი ისეთ ბრძოლაში დაიწყო, ბევრს აფიქრებინა, გამარჯვებულის ვინაობა ბოლო წამებამდე გაურკვეველი იქნებაო. ქულა-ქულაში მიმდინარე პირველი პერიოდი დავით როგავას გაწვრთნილმა ოლიმპელებმა 17:15 მოიგეს, რომლებიც სწრაფი კონტრშეტევების წყალობით ფონს იოლად გადიოდნენ.

მეორე პერიოდის შუაწელიდან ცხუმ-აფხაზეთის უპირატესობა გამოიკვეთა. ჩერქეზიშვილის გაწვრთნილი გუნდი დაცვაში გამაგრდა და შეტევის ნებისმიერ შანსს ხელიდან არ უშვებდა. ცხუმელები ქულებს ყველა შესაძლო ხერხით იხვეჭდნენ – შორი, ახლო, საჯარიმო სროლებით. ახორციელებდნენ სწრაფ შეტევებს და იყენებდნენ მეფარეების სიმაღლეს. 

შესაბამისად, მეორე პერიოდის ბოლო წუთებზე ცხუმ-აფხაზეთმა გაქცევა მოაწყო და დიდ შესვენებაზე 8-ქულიანი ლიდერობით გავიდა. მესამე პერიოდიდან ცხუმელებმა ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცეს, რაც გუნდური თამაშის დამსახურება გახლდათ. ჩერქეზიშვილის გუნდის უპირატესობამ 20 ქულას მიაღწია, რაც ოლიმპისთვის ბოლო პერიოდში დაუძლეველ ბარიერად იქცა და თამაში ცხუმ-აფხაზეთის გამარჯვებით დასრულდა.

ნახევარფინალისტებს ალექსანდრე ფევაძემ ულიდერა, რომელმაც 14 ქულა და 15 მოხსნა მიითვალა. 14 ქულა მოაგროვა რაჰიმ ჯონსონმაც, ტაილერ გრინის ანგარიშზე 11 ქულა და 7 პასი დაგროვდა. კაკტუსში ათქულიან ზღვარს ერთი მოთამაშე ასცდა – კახა ჯინჭარაძემ 20 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა. 8-8 ქულა ოთარ ფხაკაძემ და ბუნდუ აბდულაიმ მიითვალეს.