წნორის ახალმა საკალათბურთო დარბაზმა პროგრამის ფარგლებში თანამედროვე სტანდარტების ტაბლო მიიღო

წნორის ახალმა საკალათბურთო დარბაზმა პროგრამის ფარგლებში თანამედროვე სტანდარტების ტაბლო მიიღო

რეგიონებში კალათბურთის ხელშეწყობისა და განვითარებისთვის საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ მორიგი გასვლითი ვიზიტი განახორციელა. სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში სტუმრობა იმ პროგრამის ფარგლებში მოხდა, რომელსაც ფედერაციის რეგიონული განვითარების დეპარტამენტი ბოლო წლებია, ფიბა-ს ახალგაზრდობის განვითარების ფონდთან ერთად ახორციელებს. პროგრამა ითვალისწინებს რეგიონული კალათბურთის ფედერაციების საკალათბურთო ინვენტარით მომარაგებას, საიდანაც ისინი საჭიროებისამებრ შესაბამის ქალაქებსა თუ სოფლებში ნაწილდება. 

ამჯერად ფედერაციის რეგიონული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, შალვა ონიანი პირდაპირ იმ ქალაქს ესტუმრა, რომლის ახალაშენებული საკალათბურთო დარბაზი შესაბამის ინვენტარს საჭიროებდა. ლაპარაკია თანამედროვე საკალათბურთო ტაბლოსა და 24-წამის დამთვლელ მოწყობილობაზე, რომელიც წნორის დარბაზმა პროგრამის ფარგლებში საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისგან მიიღო. ამ მომენტისთვის, ფედერაციამ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში უკვე საქართველოს 11 ქალაქს გადასცა თანამედროვე საკალათბურთო ტაბლო. 

საჭირო ინვენტარის მისაღებად საქართველოს კალათბურთის ფედერაციის რეგიონული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, შალვა ონიანთან შესახვედრად ახალ დარბაზში მივიდნენ: სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი, მალხაზ ბეგიაშვილი, მისი მოადგილეები: დავით დურგლიშვილი და გოჩა ვარდიაშვილი, მერის წარმომადგენელი ქალაქ წნორის ადმინისტრაციულ ერთეულში, თამაზ მათეშვილი. ასევე სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით ჯანიკაშვილი;
ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი, გიორგი ბაღანაშვილი, ა(ა)იპ სპორტის განვითარების ცენტრის დირექტორი შოთა ბეგიაშვილი და კალათბურთის სექციის მწვრთნელი, გიორგი გურაშვილი.

ამასთან ერთად, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის რეკომენდაციითა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის, მალხაზ ბეგიაშვილის აქტიური ჩართულობით, წნორის ახალაშენებულ დარბაზში არსებული სპორტული ლინოლეუმი ხის თანამედროვე საფარით შეიცვალა და მას შემდეგ, რაც  ზემოხსენებული პროგრამით დარბაზმა ტაბლო და 24 წამის დამთვლელი მოწყობილობა მიიღო, იგი სრულად აკმაყოფილებს კალათბურთის თანამედროვე სტანდარტებს. 

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით რეგიონებში კალათბურთის განვითარებისა და ხელშეწყობის პროგრამა აქტიურად გაგრძელდება და ყველა ქალაქი თუ სოფელი, სადაც საკალათბურთო აქტივობაა, საჭირო ინვენტარსა და სხვა ნებისმიერი სახის ხელშეწყობას მიიღებს.