ცქიტიშვილის “მაჰრამმა” ჩემპიონობა მეხუთე მატჩისთვის გადადო

ცქიტიშვილის “მაჰრამმა” ჩემპიონობა მეხუთე მატჩისთვის გადადო

ნიკა ცქიტიშვილის „მაჰრამმა“ დასავლეთ აზიის ლიგის მოგების პირველი შანსი გაანიავა. მას შემდეგ, რაც სერიაში 2:1 დაწინაურდა, თეირანულმა გუნდმა საკუთარ ქალაქში ჩემპიონობის მომტანი მატჩის მოგება ვერ შეძლეს. მაჰრამელები საკუთარ მოედანზე ლიბანურ „ალ რიადთან“ 93:101 დამარცხდნენ და სერიაში ანგარიში გათანაბრდა – 2:2. ეხლა ყველაფერს მეხუთე,  გადამწყვეტი მატჩი გადაწყვეტს, რომელიც 16 აპრილს კვლავ თეირანში გაიმართება.
ქართველი ფორვარდი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და 37:18 წუთში 17 ქულა, 7 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 4 დაფარება მიითვალა. ნიკოლოზმა 11-დან 6 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ექვსჯერ დაჯარიმდნენ. ქართველი ფორვარდის ეფექტურობის კოეფიციენტი 24 გახლდათ, რითაც იგი მხოლოდ სენეგალელ პაპე სოუს (25) ჩამორჩა.