ცსკა-მ პლეი ოფი ფენერბაჰჩეს ძლევით დაიწყო. შენგელია 6 ქულას დასჯერდა

ცსკა-მ პლეი ოფი ფენერბაჰჩეს ძლევით დაიწყო. შენგელია 6 ქულას დასჯერდა

ევროლიგაში პლეი ოფი დაიწყო. რეგულარული სეზონის შემდეგ 16 გუნდიდან 8 საუკეთესო პლეი ოფში გავიდა. მოსკოვის ცსკა-მ, რომლის ღირსებასაც თორნიკე შენგელია იცავს, მე-2 ადგილი დაიკავა და მე-7-ზე გასულ სტამბოლის “ფენერბაჰჩეს” ხვდება.

მეოთხედფინალური სერია 3 მოგებამდეა. მოედნის უპირატესობა არმიელებს აქვთ და სერიის საწყის 2 მატჩს მოსკოვი უმასპინძლებს, პირველ შეხვედრაში არმიელებმა იოლი გამარჯვება მოიპოვეს – 92:76. სამი მეოთხედი თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა, მერე მოსკოველთა უპირატესობა აშკარა გახდა.

თორნიკე შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო, მან 19:44 წუთში გუნდს მხოლოდ 6 ქულა მოუტანა. საქართველოს ნაკრების კაპიტნის ანგარიშზეა 2-2 მოხსნა, პასი და 1 დაფარება. თორნიკემ ბურთი 5-ჯერ დაკარგა და მან 3 პერსონალური შენიშვნა მიიღო. ცსკა-ში 20-20 ქულა კლაიბერნმა და ჰაკეტმა ჩააგდეს. წაგებულთა შორის საუკეთესო ნანდო დე კოლო იყო – 27 ქულა. 23 აპრილს ცსკა ფენერბაჰჩეს სერიის მეორე მატჩში უმასპინძლებს, 28-ში კი თურქეთში მესამე დაპირისპირებაა.