მოსკოვის ცსკა-მ სეზონის ერთ-ერთი ყველაზე მწარე მარცხი იწვნია. არმიელები საკუთარ არენაზე გერმანულ “ბაიაერნთან” 66:69 დამარცხდნენ. მართალია, ცსკა-ს აკლდა მაიკ ჯეიმსი, მაგრამ მიუნხენელებმა რეგულაციების გამო ერბაშად 6 კალათბურთელი მოისაკლისეს.
თორნიკე შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და ჯამში 29 წუთი ითამაშა, რა დროშიც 11 ქულა, 3 მოხსნა და 3 პაი დააგროვა. თორნიკემ 8-დან მხოლოდ 2 ორქულიანი ჩააგდო, სამაგიეროდ, შვიდივე საჯარიმო ზუსტად ესროლა. ქართველი კალათბურთელის ანგარიშზე 2 ჩაჭრაც იყო და მას 2 დაკარგვაც ჰონდა. შენგელიამ მატჩის დასაწყისში ისეთი ლამაზი გარღვევა განახორციელა და აკრობატული ნახტომით დააგვირგვინა, რომ მას ნებისმიერი უკანახაზელი მოაწერდა ხელს. ამ ეპიზოდს წარმოდგენილ ვიდეო-ჰაილაითებში ნახავთ.
გარდამავალი პირველი ტაიმის შემდეგ, მესამე მეოთხედში მოსკოველებს სერიოზული უპირატესობა ჰქონდათ და პერიოდი 21:10 მოიგეს, მაგრამ ბოლო მეოთხედში ბაიერნმა თამაში სენსაციური თამაშით შეატრიალა! ფინალური პერიოდი გერმანულმა კლუბმა ცსკა-ს მხოლოდ 6 ქულა ჩააგდებინა და მეოთხედი 19:6 მოიგო!
მიუნხენელთა მხრიდან ყველაზე პროდუქტიული უეიბ ბოლდუინი გახლდათ 22 ქულით. ცსკა-დან საუკეთესო ნიკოლა მილუტინოვი გამოდგა – 16 ქულით. დერან ჰილიარდის ანგარიშზე 15 ქულაა. შეგახსენებთ, რომ ცსკა მაიკ ჯეიმსის გარეშე თამაშობს, რომელიც მწვრთნელთან და თანაგუნდელებთან კონფლიქტის შემდეგ განაცხადს მიღმაა.
23 ტურის შემდეგ ცსკა ევროლიგაში მეორე ადგილზეა და ლიდერ ბარსელონას ჩამორჩება. შენგელიას გუნდი მომდევნო მატჩს 4 თებერვალს, ვალენსიასთან გამართავს.