ტური რუსთავში “ენერჯის” გამარჯვებით გაიხსნა

ტური რუსთავში “ენერჯის” გამარჯვებით გაიხსნა

მეორე ტური დღეს რუსთავში ერთი მატჩით
დაიწყო. „ენერჯი–ინვესტმა“ ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდს უმასპინძლა და 91:86
დაამარცხა.

რუსთაველებმა 5 ქულით მოიგეს პირველი ტურის
მატჩიც ქუთაისში, მაგრამ იმ შეხვედრაში გაცილებით დიდი ჯაფა დაადგათ, ვიდრე – დღეს.
საბოლოო ანგარიში 5 ქულა კი გახლდათ, სხვაობა ძირითადად ბოლო წამებზე შემცირდა.
ტექნიკოსებმა ბოლო წუთზე 8 ქულა მიითვალეს და ცოტაც რომ გამართლებოდათ, შესაძლოა,
საოცარი გამარჯვებაც მოეპოვებინათ, მაგრამ ესე არ მოხდა. მასპინძლებმა, რომლებიც
მთელი თამაშის განმავლობაში ლიდერობდნენ და ბოლოსწინა წუთზე მათი უპირატესობა
10–ქულიან ზღვარს მაღლა იყო, მეტოქეს მოგების უფლება არ მისცეს და საბოლოოდ მეორე
გამარჯვებასაც მიაღწიეს.

 

რუსთაველები თავიდანვე სოლიდურად
დაწინაურდნენ. ლევან ცეკვავას და  ბექა
წივწივაძის შორი სროლებითა და სწრაფი გარღვევებით „ენერჯი–ინვესტმა“ 15–ქულიანი
უპირატესობა მოიპოვა – 31:16. ტექნიკოსთა გამოცდილმა მწვრთნელმა ზურაბ ტომარაძემ
ტაქტიკურ ხცვლილებებს მიმართა, გუნდი დაცვაზე გადააწყო და შედეგიც მოიმკა. სტუ–მ
მომდევნო მონაკვეთი 12:0 მოიგო და ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირა. თბილისელთაგან
ზვიად ანთაძე და ბექა ჩიკვილაძე გამოირჩეოდნენ, რომლებიც შეტევებს შედეგიანად
აგვირგვინებდნენ.

 

რუსთაველებმა თამაშის გამოსწორება პირველი
ტაიმის ბოლომდე მოახერხეს. უკანა ხაზთან ერთად მეფარეებიც ამოქმედდნენ და დიდი
შესვენებისთვის მასპინძელთა უპირატესობამ 10 ქულას მიაღწია – 54:44. რუსთაველთაგან
შეტევაში ჟოლივეტ ტუჯანი გამოირჩეოდა, რომელმაც საბოლოოდ შეხვედრის ყველა
მონაწილეზე ბევრი – 21 ქულა მოაგროვა. მესამე მეოთხედში სტუ–მ ერთხელაც მოახერხა
სხვაობის შემცირება, როცა ანგარიში 62:66 გახდა, თუმცა აქ უკვე მალხაზ აბაიშვილმა
ჩააგდო მიჯრით 5 ქულა და სხვაობამ კვლავ 10–ქულიან ზღვარს გადააბიჯა.

 

ბოლო მეოთხედი ისე წარიმართა, რომ
რუსთაველებს მეტიქე ახლოს აღარ მიუშვიათ. გამონაკლისი ბოლო წუთი იყო, როცა მასპინძლებმა
საქმე მოთავებულად ჩათვალეს და მეტოქემაც სხვაობა 5 ქულამდე შეამცირა. ასე და
ამგვარად, „ენერჯი–ინვესტმა“ მეორე გამარჯვება მოიპოვა და სუპერლიგის ცხრილის
სათავეში მოექცა. ტურის დარჩენილი მატჩები ხვალ, 6 ნოემბერს, სპორტის სასახლეში
გაიმართება.

მატჩის სტატისტიკა: www.superleague.ge/results.php?gameid=277

მატჩის გალერეა: http://superleague.ge/gallery.php?cat=18&alb=410&img=2718