საქართველოს 16-წლამდელთა ჩემპიონატის B ლიგაში ფინალური სერიის პირველი მატჩი გაიმართა, ხოლო ბრინჯაოს მფლობელი გუნდის ვინაობა გაირკვა. მე-3 ადგილისთვის მატჩში ერთმანეთს ზაზა ფაჩულიას აკადემია და თსუ შეხვდნენ. მატჩის პირველი ნახევარი თსუ-ს უპირატესობით წარიმართა. სტუდენტური გუნდი დიდ შესვენებაზე 3 ქულით იგებდა, თუმცა მესამე პერიოდში ზფა-მ უპირატესობა მოიპოვა და დასკვნით ათწუთეულის წინ ქულით დაწინაურდა.
ბოლო პერიოდი აკადემიელთა დიდი უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ ნიკა სოლოღაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა 15-ქულიანი გამარჯვება მოიპოვა – 99:84 (სტატისტიკა). გამარჯვებულებს ანდრია ჭელიძემ 31 ქულით ულიდერა, 25 ქულა ჩააგდო ალექსანდრე ხუციშვილმა. სანდრო სიგუას ანგარიშზე 16 ქულა დაგროვდა.
მატჩის შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი, რომელზეც პრიზიორები ბრინჯაოს მედლებით საქართველოს კალათბურთის ფედერაციის კომისარმა, მაგიდის მსაჯთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გაგი კვერენჩხილაძემ დააჯილდოვა.
დაჯილდოების შემდეგ გამართულ ფინალური სერიის პირველი მატჩი დაძაბულ ბრძოლაში დაიწყო. ერთმანეთს საჩემპიონოდ სპორტუნი და ფოთი ერკინებიან. პირველი ნახევარი ფრედ – 46:46 დასრულდა. მესამე პერიოდში სპორტუნიმ გარდატეხა მოახდინა და 7 ქულით დაწინაურდა. ბოლო ათწუთეულში ფოთელები ბევრს ეცადნენ, მაგრამ ვერაფერი ვეღარ შეცვალეს. სპორტუნიმ უპირატესობას 2 ქულაც მიამატა და საბოლოოდ 89:80 (სტატისტიკა) იმარჯვა.
სპორტუნის სამმაგი დუბლით ულიდერა დავით ჭუაძემ, რომელმაც 37 ქულა, 12 პასი და 11 ჩაჭრა მოაგროვა. 24 ქულა და 14 მოხსნა ნიკოლოზ ჟვანიამ მიითვალა. ფოთელთაგან 13 ქულითა და 21 მოხსნით საუკეთესო იყო ნიკოლოზ მესხი. ბომბარდირი 25 ქულით ირაკლი სიჭინავა გახდა.
ფინალური სერია 2-მატჩიანია და გადამწყვეტი შეხვედრა 19 ივნისს, თბილისი არენაზე, 14:00 საათზე გაიმართება.