კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ხელშეწყობით საქართველოს 20-წამდელთა ნაკრებისა და კლუბ “ქუთაისი 2010”-ის მთავარი მწვრთნელი, კოტე ტუღუში კლუბ “ბათუმი 2010”-ის მთავარ მწვრთნელ ბუბა ბერიშვილთან ერთად სლოვენიაში გამართულ წარმომადგენლობით სამწვრთნელო კლინიკას დაესწრო. აღნიშნული კლინიკა ევროპაში ერთ-ერთი პრესტიჟული და მასშტაბურია, რომელიც წლეულს ლეგენდარული სლოვენიელი კალათბურთელის, გორან დრაგიჩის სათამაშო კარიერის დასრულებას დაემთხვა.
კლინიკაში 250-ამდე მწვრთნელმა მიიღო მონაწილეობა, რომლებიც მისი დასრულების საღამოს დრაგიჩის გაცილებასთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ, კვირა საღამოს კი ცნობილი სლოვენიელი უკანახაზელის გასაცილებელ მატჩს დაესწრებიან. როგორც სამწვრთნელო კლინიკაში იყო სპეციალისტების ვარსკვლავთცვენა, ისე დრაგიჩის გაცილების მატჩში მოიყარეს თავი ვარსკვლავებმა – ნიკოლა იოკიჩმა, ლუკა დონჩიჩმა, დირკ ნოვიცკიმ, სტივ ნეშმა, ლუის სკოლამ, ბოგდან ბოგდანოვიჩმა, ნიკოლა ვუჩევიჩმა, რაშო ნესტეროვიჩმა…
22 და 23 აგვისტოს ლიუბლინის სტოჟიცე არენაზე გამართულ სამწვრთნელო კლინიკას მთავარ ლექტორად იგორ კოკოშკოვი ჰყავდა, რომელმაც დაცვის ტაქტიკაზე, დრიბლინგზე და სხვა არაერთ მნიშვნელოვან საკალათბურთო კომპონენტზე ისაუბრა და ახალგაზრდა კალათბურთელების დახმარებით დამსწრეებს ვიზუალურად უჩვენა ვარჯიშების წარმოება და ტაქტიკური დიაგრამების საქმეში გამოყენება.
სხვადასხვა საკალათბურთო დეტალებზე ლექციები წაიიკითხეს ნბა-ს ცნობილმა და ტიტულოვანმა მწვრთნელმა, ელვინ ჯენტლიმ, ყოფილმა სუპერვარსვლავმა და შემდგომში მწვრთნელმა, სტივ ნეშმა, ბოსტონ სელტიქსის ერთ-ერთმა ლეგენდამ, კევინ მაკჰეილმა, კრის ქვინმა და სლოვენიელმა იაკა ლაკოვიჩმა.
სამწვრთნელო სემინარზე მივიდა და მწვრთნელებს შეხვდა გორან დრაგიჩი, რომელმაც მადლობა გადაუხადა ყველას და როგორც მოთამაშე, მწვრთნელებს დაემშვიდობა. კოტე ტუღუშმა და ბუბა ბერიშვილმა ლიუბლიანას სამწვრთნელო კლინიკაში მონაწილეობით საკუთრი გამოცდილება მნიშვნელოვნად გაიმდიდრეს და შესაბამისი სერთიფიკატები მიიღეს.