უბნებს შორის 3×3 საკალათბურთო ტურნირის ფინალში გლდანმა ვაკე ოვერტაიმში დაამარცხა

უბნებს შორის 3×3 საკალათბურთო ტურნირის ფინალში გლდანმა ვაკე ოვერტაიმში დაამარცხა

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით მორიგი 3×3 საკალათბურთო ტურნირი გაიმართა. შეჯიბრს მეტრო დელისის მიმდებარედ არსებულმა, პირველი კვარტლის საკალათბურთო მოედანმა უმასპინძლა, სადაც თავი თბილისის 6 უბნის გუნდმა მოიყარა და საუკეთესო გამოავლინა. 

ტურნირში ვაკის, გლდანის, საბურთალოს, ნაძალადევის, ისნის და მთაწმინდის გუნდები მონაწილეობდნენ. 3-3 გუნდიან ჯგუფებში ჩატარებული მატჩების შემდეგ 2-2-მა საუკეთესომ ნახევარფინალში გადაინაცვლა. ფინალში გასასვლელად ერთმანეთს ვაკე-ისანი და გლდანი-ნაძალადევი შეხვდნენ. ორივე ნახევარფინალი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ვაკემ, რომლის ღირსებასაც ბექა შველიძე, ლევან ლოლიშვილი, საბა სირაძე და ნიკა ლეონიძე იცავდნენ, დაძაბულ ბრძოლაში – 12:10 დაამარცხა ისანი და ფინალში გავიდა, სადაც ნაძალადევის 18:13 მომგებ გლდანს შეუერთდა.

ფინალური მატჩი ტურნირის მშვენება გამოდგა. ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა – 14:14. რატი ტოლიაშვილის აქტიურობით, რომელსაც დავით ბუაჩიძე, ირაკლი წიქარიშვილი და გიორგი ღონღაძე ეხმარებოდნენ, დამატებით დროში გლდანელებმა მოახერხეს 2 ქულის მითვლა და ჩემპიონები გახდნენ.

პრიზიორები და ტურნირის MVP რატი ტოლიაშვილი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის 3×3 კალათბურთის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიგა გურგენიძემ დააჯილდოვა, რომელმაც ჩემპიონს 1200, ხოლო ფინალისტს 600-ლარიანი ვაუჩერი გადასცა.