უგრეხელიძე ხორვატიაში გადაბარგდა

როგორც ცნობილი საკალათბურთო ვებ–გვერდი eurobasket.com იუწყება, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა კანდიდატმა დავით უგრეხელიძემ ახალ კლუბთან გააფორმა კონტრაქტი. ქართველი ცენტრით შეივსო ხორვატიის ქალაქ რიეკის გუნდი “კვარნერ რესორთი”. ამ კლუბმა სახელწოდება 2 წლის წინ შეიცვალა, მანამდე კი “ტრიგლავის” სახელით იყო ცნობილი და ადრიატიკის ლიგაზეც თამაშობდა.
უგრეხელიძე 4 აგვისტოდან საქართველოს ეროვნულ ნაკრბში იყო და იგორ კოკოშკოვის ხელმძღვანელობით ვარჯიშობდა. ის ახლდა ნაკრებს კიევურ შეკრებაზე და უკრაინის ეროვნული გუნდის წინააღმდეგაც ითამაშა ორივე მატჩში, თუმც მერე მწვრთნელს დაეთხოვა, უცხოური კლუბია ჩემით დაინტერესებული და გასინჯვებზე უნდა წავიდეო.

უგრეხელიძე სანამ ისინჯებოდა, ეროვნულ ნაკრებს მისი ამპლუის მოთამაშე ზაზა ფაჩულია შეუერთდა და რაკი გიორგი შერმადინიც ყოჩაღობდა, უგრეხელიძე ნაკრების მიღმა დარჩა. ახლა კი მან ახალი კლუბი გამონახა და ხორვატულ “კვარნერ რესორთში” კონტრაქტის თანახმად მომავალ სეზონს გაატარებს.
უგრეხელიძეს აქამდე სლოვენიურ “სლოვანში”, “პივოვარნაში”, ბერძნულ “პანიონიოსში” და ქართულ კლუბებში – “თსუ–ნიკორასა” და რუსთავის “ენერჯი–ინვესტში” უთამაშია. ბოლო სეზონი დავითმა ბოსნიურ “ნექტარში” გაატარა და ამ კლუბს ქვეყნის თასის ფინალში გასვლაში დაეხმარა. რაც შეეხება უგრეხელიძის ახალ კლუბს, “კვარნერ რესორთმა” გასული სეზონი ხორვატიის უმაღლესი ლიგის ბოლოსწინა საფეხურზე დაასრულა, თუმცა ელიტაში ადგილი მაინც შეინარჩუნა.