უკრაინაში გამგზავრების წინ ჭაბუკთა ნაკრებმა ღია ვარჯიში გამართა

უკრაინაში გამგზავრების წინ ჭაბუკთა ნაკრებმა ღია ვარჯიში გამართა

დღეს, დილის 7 საათსა და 45 წუთზე, თბილისი-კიევის რეისით, საქართველოს 18-წლამდე ნაკრები, რომელიც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის ემზადება, უკრაინაში სპარინ–გმატჩების გასამართად გაემგზავრა. ქართველი კალათბურთელები სლავ თანატოლებთან ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებენ.
 
თავდაპირველად შეკრებაზე 24 კანდიდატი იყო გამოძახებული, თუმცა სადღეისოდ შემადგენლობა 14 მოთამაშამდე შემცირდა.
 

 
უკანა ხაზი: ირაკლი მიქელაძე (ავერსი), რეზო როგავა (სოხუმი), ლევან გრძელიძე (ქუთაისი), ნიკა რამიშვილი (ავერსი), გელა გულმაგარაშვილი (ზაზა), ალეკო ჩოჩია (სოხუმი)
 
ფორვარდები: კახა ჯინჭარაძე (ფოთი), ლევან ლოლიშვილი (ორბი), ილია ჯიშიაშვილი, საბა ლობჟანიძე (სტუ)
 
ცენტრები: გიორგი ცირეკიძე (ქუთაისი), ბექა ნადირაძე (ავერსი), ლერი კვანტალიანი (ავერსი), დავით კორძაძე (სოხუმი)
 
24 ივნისს 18–წლამდელთა ნაკრებმა ღია ვარჯიში გამართა, რომელსაც მედიისა და პრესის წარმომადგენლები დაესწრნენ და მწვრთნელ–კალათბურთელებს გაესაუბრნენ. გთავაზობთ მწვრთნელის, მიხეილ ბერუაშვილის რამდენიმე კომენტარს:
 

 
„თუ არ ჩავთვლით ბექა ბურჯანაძეს, რომელიც ესპანეთში იმყოფება და ნაკრებს მოგვიანებით შემოუერთდება, უკრაინაში ოპტიმალური შემადგენლობით მივემგზავრებით. უკრაინის შემდეგ თურქეთში ვაპირებთ გამგზავრებას და ამ ქვეყნის 18-წლამდელთა ნაკრების წინააღმდეგ რამდენიმე საკონტროლო შეხვედრას ჩავატარებთ. 30 ივნისიდან საკალათბურთო კლუბ თბილისის “დინამოს” დიღმის საწვრთნელ ბაზაზე გადავალთ და ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას გავაგრძელებთ. შეკრების დროს სამი დღე სრული დატვირთვით ვივარჯიშებთ, მომდევნო ერთი დღე კი დავისვენებთ“.
 
ევროპის ჩემპიონატი 21–31 ივლისს ბულგარეთის ქალაქ ვარნაში გაიმართება. ჩვენი ნაკრების მეტოქეები პირველ ჯგუფურ ეტაპზე ბულგარეთის, უნგრეთის, ავსტრიისა და ლუქსემბურგის ნაკრებები იქნებიან. ჯგუფიდან 2 საუკეთესო გავა და ბრძოლას ელიტარული – A დივიზიონის საგზურების მოსაპოვებლად გააგრძელებს.