უკრაინის ნაკრებმა საქართველოსთან მატჩისთვის მზადება ლატვიაში დაიწყო

უკრაინის ნაკრებმა საქართველოსთან მატჩისთვის მზადება ლატვიაში დაიწყო

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მატჩები ახლოვდება. მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში, სადაც ილიას ზუროსის გაწვრთნილ გუნდს აქამდე გამართული 4 მატჩიდან 3 მოიგო, 2 შეხვედრა აქვს დარჩენილი – 1 ივლისს, უკრაინასთან ლატვიაში და 4 ივლისს, ესპანეთთან თბილისში. სამხედრო კონფლიქტის გამო უკრაინა საშინაო მატჩებს ვერ მასპინძლობს და შეხვედრებს ლატვიის დედაქალაქ რიგაში ჩაატარებს. მოგეხსენებათ, უკრაინას ლატვიაში სოლიდური დიასპორა ჰყავს და თან მათი მთავარი მწვრთნელიც ლატვიელია – აინარს ბაგაცკისი. 

ამ მომენტისთვის უკრაინის ნაკრებში 14 კალათბურთელი ვარჯიშობს: ილია სიდოროვი, ვიტალი ზოტოვი, ალეკსანდრ კოვლიარი, ილია ტირტიშნიკი, პაველ კრუტოუსი, ანატოლი შუნდელი, ანდრეი ვოინალოვიჩი, ივან ტკაჩენკო, არტიომ კოვალიოვი, სერგეი პავლოვი, იგორ სერგეევი, ვიაჩესლავ ბობროვი, ვიაჩესლავ კრავცოვი, დმიტრი სკაპინცევი.

უკრაინელებს უახლოეს პერიოდში შეუერთდებიან ის მოთამაშეები, რომელთაც საკლუბო სეზონი ჯერ არ დაუსრულებიათ: ბაგატსკისი 9 ივნისს ელის იუსუფ სანონს, 11-ში – არტიომ პუსტოვოის და ალეკსანდრ მიშულასა და დენის ლუკაშოვს, 15-ში კი – ალეკსანდრ ლიპოვისა და ვიაჩესლავ პეტროვს. ჯერჯერობით, გაურკვეველია, ვიხილავთ თუ არა ნაკრებში ბოგდან ბლიზნიუკს, ჯერომ რენდლსა და NBA-ში მოთამაშე უკრაინელებს – ალეკსეი ლენსა და სვიატოსლავ მიხაილიუკს.

ცნობილია, რომ ბაგატსკისის ნაკრები რიგაში 11 ივნისამდე დარჩება, შემდეგ მზადებას იტალიურ როზეტო დელე აბრუციში განაგრძობს, მომდევნო საწვრთნელ ეტაპს 22-დან 26 ივნისამდე პორტუგალიურ ვიანა დუ კაშტელუში გაივლის და ამხანაგურად პორტუგალიასა და სლოვაკეთს შეხვდება, 26 ივნისიდან კი ლატვიას დაუბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ სწორედ ივლისის საკვალიფიკაციო ფანჯრის დროს გაირკვევა, მოახერხებს თუ არა უკრაინის საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის კვალიფიკაციაში მე-2 ჯგუფურ ეტაპზე გასვლას. ამ დროისთვის, G ჯგუფს 4-დან 3 მოგებით საქართველო ლიდერობს, შემდეგ კი ესპანეთი (3-დან 3 გამარჯვება) მოდის. ამ ორ ნაკრებს მომდევნო რაუნდის საგზური უკვე განაღდებული აქვს, მე-3 იღბლიანის ვინაობა კი უკრაინასა (1 მოგება, 2 წაგება) და ჩრდილოეთ მაკედონიას (4 მარცხი) შორის გაირკვევა.