უნიკახამ რეპეშა გუნდიდან და ხორვატიის ნაკრებთან ევრობასკეტზე გაუშვა

უნიკახამ რეპეშა გუნდიდან და ხორვატიის ნაკრებთან ევრობასკეტზე გაუშვა

იასმინ რეპეშა ხორვატიის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გაწვრთნის. ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრების მეტოქე ხორვატიის მოქმედმა მწვრთნელმა 2 კვირის წინ განაცხადა, რომ თუკი მისი კლუბი, მალაგის „უნიკახა“ კონტრაქტს გაუხანგრძლივებდა, ის თავისი ქვეყნის ეროვნულ გუნდს სლოვენიაში, ევრობასკეტზე ვერ გაჰყვებოდა. ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში მალაგელებმა „ბარსელონასთან“ წააგეს და პლეი ოფში გამსვლელ 8 საუკეთესო გუნდში ვერ მოხვდნენ. „უნიკახას“ ხელმძღვანელობამ მადლობა გადაუხადა ხორვატ სპეციალისტს და 1+1 წლიანი კონტრაქტი კიდევ ერთი სეზონით აღარ გაუხანგრძლივა.
 

 
რეპეშა გუნდის გარეშე დარჩა და ხორვატიის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე უხელმძღვანელებს. ის ნაკრებში ყველა სახელიანი და ღირსეული კალათბურთელის გამოძახებას გეგმავს. გასულ სეზონში, ევრობასკეტის შესარჩევ ეტაპზე, რეპეშას გაწვრთნილმა ხორვატებმა 2 ლიდერის – ბარსელონელი ანტე ტომიჩის და ჟალგირისელი მარკო პოპოვიჩის გარეშე მოახერხეს ყველა მატჩის მოგება. წარმატებულმა თამაშმა და ევრობასკეტის საგზურის ვადამდელმა მოპოვებამ საშუალება მისცა იასმინ რეპეშას, შესარჩევი ტურნირის დასრულებამდე დაეტოვებინა ხორვატიის ნაკრები და „უნიკახას“ შეერთებოდა, რომელთანაც გასულ სექტემბერში1+1 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. საკვალიფიკაციოს ბოლო ტურში, ავსტრიის ნაკრებთან, რეპეშა ნაკრებთან ერთად აღარ იმყოფებოდა.
 
საქართველოსა და ხორვატიასთან ერთან ევროპის ჩემპიონატის ჯგუფში ესპანეთი, სლოვენია, პოლონეთი და ჩეხეთი მოხვდნენ. საქართველოსა და ხორვატიის ნაკრებები ერთმანეთს 5 სექტემბერს დაუპირისპირდებიან.