კაცს, რომელმაც მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, ცხოვრების გზა ისე განვლო, უკან მოხედვის არ ეშინია, დღეს, 6 აპრილს 89 წელი შეუსრულდა. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და ვეტერან კალათბურთელთა დახმარების ფონდისთვის, საქართველოს სპორტული და სამედიცინო საზოგადოებისთვის, კალათბურთის მოყვარული თაობებისთვის, დიდი პატივია დაბადების დღე საუკეთესო სურვილებით მივულოცოთ სპორტისა და მედიცინის ამ ღვაწლმოსილ წარმომადგენელს .
ყმაწვილობიდან დაუკავშირდა სპორტს. იყო ძიება – ტანვარჯიში, ფარიკაობა, მძლეოსნობა, მაგრამ ვერც ერთი გაითავისა. გამოცდილმა სპეციალისტმა ოთარ დიდებულიძემ ურჩია კალათბურთი და შერჩა კიდეც ბოლომდე.
ცნობილმა მწვრთნელმა გიორგი ავალიშვილმა, 1950 წელს, ნიჭიერი ახალგაზრდა თბილისის ”დინამოში” მიიწვია. იქ 10 წელიწადი თამაშობდა ლეგენდარული კალათბურთელების მხარდამხარ. საქართველოს და სსრ კავშირის ჩემპიონატების და უწყებრივი პირველობების, აგრეთვე თასების გათამაშებაში მოპოვებული გამარჯვებებით და საპრიზო ადგილებით ჭაბუკობიდანვე გამდიდრდა მისი სპორტული ბიოგრაფია. 1955 წელს სტალინგრადში ზამთრის საკავშირო პირველობაზე თბილისის ”დინამომ” კიეველებს 77:57 სძლია და 22 ქულა ჩვენ გუნდს ვაჟა გვანცელაძემ მოუტანა.
სპორტში შვილიშვილი, ნიკა მეტრეველი გაჰყვა მის გზას და სახელი გაითქვა, როგორ ეროვნულ ნაკრებში, ისე უცხოეთში თამაშით. მეორე შვილიშვილი ვაჟა ჯანაშია სოხუმის გუნდის ღირსებას იცავდა. ოჯახური ტრადიცია გააგრძელა შვილიშვლისშვილმა ოთო სულაკაურმა. სპორტიდან ბატონი ვაჟას პროფესიული აღმავლობა საზოგადოებრივ სარბიელზე გაგრძელდა. სამედიცინო სფერომ შეიძინა უმაღლესი დონის სპეციალისტი – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; საქართველოს ჰუმანიტარული და სახელოვნებო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.
70-მდე სამეცნიერო ნაშრომით, სახელმძღვანელოებით და წიგნებით გაამდიდრა დარგი, რომელსაც ათეულწლებია ემსახურება უმაგალითო ერთგულებით. არის არაერთი საზოგადოებრივი ორგანიზაციის, ასოციაციის თუ ჯგუფის წევრი. ღვაწლის ღირსეულად დაფასების ათვლაც სპორტიდან დაიწყო – სპორტის ოსტატის წოდების მინიჭებიდან ღირსების ორდენამდე არასდროს დაჰკლებია დაფასება.
ჭეშმარიტად გვეამაყება, რომ ბატონი ვაჟა გახლავთ ადამიანის ჯანმრთელობის სამსახურში მდგარი ორი ურთიერთ შევსებადი სოციალური ფენომენის – სპორტისა და მედიცინის სფეროს თვალსაჩინო წარმომადგენელი მაღალი პროფესიული და პიროვნული ღირსებებით.
მრავალჟამიერ თქვენდა, ბატონო ვაჟა!