“ვერამ” “ბათუმი” 9 ქულით დაამარცხა

“ვერამ” “ბათუმი” 9 ქულით დაამარცხა

გუშინ დაწყებული საკალათბურთო სუპერლიგის პირველი ტური დღეს ოლიმპიურ სასახლეში გრძელდება. დაგეგმილი 3 მატჩიდან პირველი დასრულდა. დავით გასიტაშვილის გაწვრთნილი “ვერა” ბუბა ბერიშვილის “ბათუმს” შეხვდა და 83:74 (სტატისტიკა) დაამარცხა.

სუპერლიგის საწყის ეტაპზე გუნდები შეუთამაშებელნი არიან და ბევრ რამესაც შეცვლიან, თუმცა ის ნაღდია, რომ პირველ ტურს მეტოქეზე მეტად მომზადებული შეხვდა “ვერა”. ვერელებმა დუდუ დადიანის მემორიალზე 2 შეხვედრა ითამაშეს, ბათუმელებს კი აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობა არ მიუღიათ. შესაბამისად, თამაშის ორგანიზებაში ვერელებს ნაკლები პრობლემები ჰქონდათ და მატჩის სადავეებს საიმედოდ ფლობდნენ.

პირველი პერიოდი მასპინძლებმა 20:15 მოიგეს, მეორეში ლიდერობას 4 ქულა შემატეს და დიდ შესვენებაზე 9 ქულით დაწინაურდნენ. შედეგიანად თამაშობდნენ ვერელების ლეგიონერები, ასევე გუნდის კაპიტანი ვახტანგ ქადარია. მესამე ათწუთეულში ბათუმელებმა მოინდომეს, მაგრამ მოწინააღმდეგის დაცვით ბარიერს ვერ გაუმკლავდნენ და ბოლო ათწუთეულის წინ თბილისური გუნდის ყველაზე დიდი ლიდერობა დაფიქსირდა – 62:51.

ბოლო პერიოდში ბათუმელები ბევრს ეცადნენ, თუმცა ვერაფრის შეცვლა ვერ მოახერხეს. შეხვედრა ისე დასრულდა, მოედანზე ვითარება არ დაძაბულა. გამარჯვებულთა შორის 18 ქულით, 13 მოხსნით და 3 ჩაჭრით საუკეთესო იყო ზაკ სელიასი. 23 ქულა და 8 მოხსნა ვახტანგ ქადარიამ, ხოლო 20 ქულა დარელ ბრაუნმა მიითვალა. “ბათუმში” 19 ქულით საუკეთესო იყო ოთარ პერტაია.