მე-7 ტურის ბოლო შეხვედრაში ერთმანეთს “ვერა” და “ტიტები” დაუპირისპირდნენ. დავით გასიტაშვილის გაწვრთნილი ვერელები წარმატებულ სერიას აგრძელებენ. გუნდმა მე-5 გამარჯვებას მოუყარა თავი და ლიდერთა შორისაა. ვერელთა მორიგი მსხვერპლი “ტიტები” აღმოჩნდა, რომელსაც 6 მატჩში მხოლოდ 2 მოგება აქვს და ერთ-ერთი აუტსაიდერია.
ბესო ლეჟავას გაწვრთნილი გუნდი ბევრს ეცადა, მაგრამ წინ გაჭრილ და გამართულად მოთამაშე ვერას ვეღარ დაეწია. დიდი შესვენებისთვის 10 ქულით ჩამორჩენილმა ტიტების მოთამაშეებმა მესამე პერიოდში თამაში კი გამოასწორეს და ჩამორჩენა მნიშვნელოვნად შეამცირეს, თუმცა გადამწყვეტი ნაბიჯის გადასადგმელად ძალები არ ეყოთ. ბოლო პერიოდში სხვაობა დიდი არ გახლდათ, ვერელები 7-9 ქულით იგებდნენ, მაგრამ გონივრულად ეჭირათ მატჩის სადავეები და ტიტების ყველა მცდელობა, თამაში შემოებრუნებინათ, იოლად ჩაშალეს.
საბოლოოდ თამაში ისე დასრულდა, მოედანზე ვითარება არ დაძაბულა. “ვერამ” 75:66 (სტატისტიკა) იმარჯვა და მე-2 ადგილზე გადაინაცვლა. გასიტაშვილის გუნდს მდევარ თსუ-ზე და “ოლიმპზე” 1 თამაშითა და 1 ქულით მეტი აქვს. გამარჯვებულთაგან საუკეთესო იყო ზაკ ელიასი 17-17 ქულა-მოხსნით. 21 ქულა და 5 მოხსნა ობრი მაკალპინმა მიითვალა. 14 ქულით დარელ ბრაუნი გამოირჩა. “ტიტებში” 22 ქულით, 13 მოხსნითა და 3 დაფარებით საუკეთესო იყო ჯავიონ ოგუნიემი. 12 ქულა და 14 მოხსნა აკაკი ლომოურის ანგარიშზე დაგროვდა.
სუპერლიგის მორიგი ტურის მატჩები 10 და 11 დეკემბერს გაიმართება.