ვერას ზედიზედ მე-4 მოგება თსუ-სთვის მიჯრით მე-6 წაგება აღმოჩნდა

ვერას ზედიზედ მე-4 მოგება თსუ-სთვის მიჯრით მე-6 წაგება აღმოჩნდა

სუპერლიგაში ყველაზე უიღბლო სერია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს აქვს. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა, რომელმაც პირველ წრეში გამართული 10 მატჩიდან 7 მოიგო, მეორე წრეში ექვსივე შეხვედრა წააგო. უნივერსიტეტელებმა ზედიზედ მეექვსე მარცხი დღეს, ოლიმპიურ სასახლეში, “ვერასთან” განიცადეს – 81:87 (სტატისტიკა)

თავის მხრივ, ვერას აღმავლობის პერიოდი უდგას. გუნდს მისი ერთ-ერთი მფლობელი და პრეზიდენტი – დავით გასიტაშვილი წვრთნის, რომელმაც გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტის დაკავების შემდეგ ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო. ვერელებს პირველი წრის შემდეგ საქმე დალხენილად არ ჰქონდათ და ტურიდან ტურამდე ცხრილის ბოლო ადგილებზე იყვნენ, თუმცა ზედიზედ 4 მოგების შემდეგ საქმე გვარიანად გამოიკეთეს და სუპერლიგაში დარჩენა თითქმის გაინაღდეს კიდეც. 

როგორც გასულ მატჩებში, დღევანდელი შეხვედრაც ვერამ ბრძოლის ხარჯზე მოიგო. გასიტაშვილის გუნდმა ბრძოლის კლასიკური მაგალითი აჩვენა. ვერელებმა ჯერ დასაწყისში გაქცეული (19:8) მეტოქე შეაჩერეს და ჩამოიტოვეს, შემდეგ კი 12-ქულიანი ლიდერობის განიავებისა და 3 ქულით ჩამორჩენის შემდეგ მოახდინეს ძალთა მობილიზება. პირველი ნახევარი ვერელებმა 48:36 მოიგეს, თუმცა მესამე პერიოდში თსუ-ს კალათბურთელებმა იმდენად კარგად ითამაშეს, რომ ეს დეფიციტი ხომ აღმოფხვრეს, 3 ქულითაც დაწინაურდნენ – 74:71. მესამე პერიოდის ბოლო წამზე გიორგი ვახანიამ სამქულიანით ანგარიში გაათანაბრა და ბოლო პერიოდი საყაიმო ანგარიშით დაიწყო.

სწორედ ბოლო წუთებზე, რამდენიმე შეტევის მოგერიებისა და შედეგიანი შეტევის შედეგად ვერელები 5 ქულით დაწინაურდნენ. თამაშის დასრულებამდე წუთზე ნაკლები რჩებოდა და როცა თსუ-მ საკვანძო შეტევაც გააცუდა, ყველაფერი ვერელთა სასიკეთოდ დასრულდა. გამარჯვებულებს 29 ქულითა და 9 მოხსნით ბრაისონ სკოტმა ულიდერა. 18 ქულა აარონ პარკსმა მიითვალა. ჯოშუა ჰავლის ანგარიშზე 13 ქულა და 11 მოხსნა დაგროვდა. თსუ-ში 25 ქულა ჰქონდა ქუენთინ დავს, 18 ქულა საბა ლობჯანიძემ მოაგროვა, ხოლო რიჩარდ ქალდველის ანგარიშზე 12 ქულა დაგროვდა.

ტურის ბოლო მატჩში ერთმანეთს ოლიმპი და კაკტუსი შეხვდებიან. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.