ვილემ იანსენი: ჰოლანდიას მომავლის გუნდი ჰყავს

ვილემ იანსენი: ჰოლანდიას მომავლის გუნდი ჰყავს

საქართველოს ნაკრების ხვალინდელი მეტოქე თბილისში 10 კალათბურთელით ჩამოვიდა. ვილემ იანსენის გუნდს 2 ტრავმირებული ჰყავს – ფრანცისკო ელსონი და ტომას კუენისი. ჰოლანდიელებმა ამ მოთამაშეების შემცვლელები გუნდში არ აიყვანეს. ბენილუქსელებმა დღეს სპორტის სასახლეში ივარჯიშეს, სადაც მათ მთავარ მწვრთნელ ვილემ იანსენს ვესაუბრეთ…
 
– საქართველოში 10 კალათბურთელით ჩამოვედით. გუნდში 2 ტრავმირებული გვყავს. ფრანცისკო ელსონმა მუხლი დაიშავა, ხოლო ტომას კუენისი წელმა შეაწუხა. ვიცი, რთული ბრძოლა გველის, მაგრამ ვეცდებით, არაფერი დავზოგოთ.
– ჰოლანდიაში საქართველოს ნაკრები დაამარცხეთ, გუნდი, რომელმაც ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა…
– ჩვენი ნაკრები საკმაოდ მებრძოლი გუნდია. შესარჩევ ტურნირში გამართული თითქმის ყველა მატჩში მეტოქეს ღირსეული წინააღმდეგობა გავუწიეთ და წარმატების შანსსაც ვინარჩუნებდით. საქართველოსთან მატჩში განსაკუთრებულად მოვინდომეთ და წარმატებას მივაღწიეთ. ჰოლანდიის ნაკრები ახალგაზრდული და მზარდი გუნდია, ჩვენ მომავალში ვიყურებით და იმედი გვაქვს, ჩვენი დროც დადგება.
 

 
– როგორ შეაფასებთ ჩვენს ჯგუფს და საქართველოს ნაკრებს?
– გამოცდილი გუნდი გყავთ. ეს შესარჩევ ტურნირზეც დაამტკიცეთ. ევროპის ჩემპიონატზეც დამსახურებულად გახვედით, თუმცა ჩვენც გვაქვს შანსი, 2015 წლის ფინალურ ეტაპზე ვიასპარეზოთ.
– მაგის შანსი 2013 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ყველას მიეცემა…
– ეგ თავისთავად, თუმცა ის 15 გუნდი, რომელიც 2013 წლის ევროპირველობაზე ვერ გავა, 2015 წლის ევრიპის ჩემპიონატის საგზურს გაითამაშებს. ეს ფიბა-ევროპას ოფიციალურად ჯერ არ გამოუცხადებია, მაგრამ მე ამ ორგანოს ერთ-ერთ კომიტეტთან ვთანამშრომლობ და ვიცი, რომ ეს საკითხი გადაწყვეტილია.
– უფრო კონკრეტულად თუ შეიძლება აგვიხსნათ, რა როგორ იქნება…
–  საქართველო ევროპის ჩემპიონატზე გავიდა, ჩვენ – ვერა. ჩვენნაირი კიდევ 15 გუნდი იქნება. ფიბა ამ 15 გუნდს 3 ჯგუფად გაყოფს და 2013 წლის ზაფხულში ტურნირს ჩაატარებს, რომლის გამარჯვებულსაც 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის საგზური ერგება. ასე რომ ჩვენ სწორედ ამ საგზურის მოსაგებად ვიბრძოლებთ მაშინ, როცა საქართველოს ნაკრები სლოვენიაში, ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.