ვიქტორ AIRGEORGIA იტალიურ პრესაში

ვიქტორ AIRGEORGIA იტალიურ პრესაში

იტალიის სერია A–ში წარმატებული თამაშის შემდეგ ვიქტორ სანიკიძით პრესა დაინტერესდა. გაზეთ “მეტრო-ნიუსის” ჟურნალისტმა ნიკოლა ძანარინიმ AIRGEORGIA–ად წოდებულ ქართველ ფორვარდს საინტერესო ინტერვიუ ჩამოართვა. შეგახსენებთ, რომ სანიკიძე იტალიის ჩემპიონატის გასული ტურის საუკეთესო კალათბურთელად დაასახელეს. მან “აველინოსთან” მატჩში 16 ქულა და 12 მოხსნა მოაგროვა.

– ელოდით “აველინოსთან” დიდი სხვაობით გამარჯვებას?- ველოდი, რადგან კარგი გუნდი გვყავს და წარმატებისთვის ბევრს ვშრომობთ. თამაშს თანდათან ვაუმჯობესებთ და ლოგიკურია, რომ ამჟამად ცხრილში მეორე ადგილზე ვართ. თუმცა დასკვნების გამოტანა ჯერ ადრეა, ძლიერ, დაბალანსებულ ლიგაში ვთამაშობთ და ყურადღების მოდუნება წამითაც არ შეიძლება.
– იტალიის ჩემპიონატში მოხსნებში პირველობას არავის უთმობ (საშუალოდ 10.7). საკუთარი გარჯით რამდენად კმაყოფილი ხარ?- მიხარია, რომ წარმატებული გუნდის ნაწილი ვარ. ბოლონიაში კალათბურთი ძალიან უყვართ და ამ ქალაქის მკვიდრნი მაღალი დონის კლუბს ნამდვილად იმსახურებენ. ჩემი შედეგიანობაც გუნდის დამსახურებაა.
– მომდევნო ტურში “მილანს” უმასპინძლებთ.- ძლიერი მოწინააღმდეგეა და ვიცით, სერიოზულ პრობლემებს შეგვიქმნის. ამისთვის მზად ვართ. შინ 9 მატჩი გვაქვს მოგებული და ვეცდებით, მეათე გამარჯვება სწორედ “მილანთან” მოვიპოვოთ. სხვათა შორის, 16 თებერვალს, იტალიის თასის მეოთხედფინალში სწორედ “მილანს” დავუპირისპირდებით. ასე რომ, 80-წუთიანი ბოლონიურ-მილანური პაექრობა 5 თებერვლიდან იწყება.
– მომდევნო სეზონში AIRGEORGIA NBA-ში გააგრძელებს კარიერას, თუ “ვირტუსში” დარჩება?- ამ კითხვაზე დღეს ვერ გიპასუხებთ, ჯერ არაფერი ვიცი. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ბოლონიაში თამაშით ბედნიერი ვარ და მინდა, გუნდისთვის ამ სეზონში მაქსიმუმი გავაკეთო. დანარჩენი ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გაირკვევა.