მოგეხსენებათ, ბერლინში გამართულ ევრობასკეტ 2022-ის წილისყრას ვეტერანი ქართველი კალათბურთელი, ვიქტორ სანიკიძე დირკ ნოვიცკისთან და იტალიელ რობერტო ბრუნამონტისთან ერთად უძღვებოდა. უშუალოდ წილისყრამდე წამყვანის კითხვებს უპასუხეს ევრობასკეტის მასპინძელი ქვეყნების კალათბურთის ფედერაციების წარმომადგენლებმა. ჩვენი მხრიდან ეს გახლდათ ვიცე-პრეიდენტი ვლადიმერ ბოისა. გთავაზობთ ვიქტორ სანიკიძისა და ვლადიმერ ბოისას კომენტარებს, რომლებიც მათ წილისყრის ცერემონიალზე გააკეთეს:
ვიქტორ სანიკიძე:
ჩემთვის დიდი პატივია დღეს აქ ყოფნა. მართლაც, ქართულმა კალათბურთმა ბოლო ათწლეულში სოლიდური პროგრესი განიცადა და ეს ერთობლივი მუშოაბის შედეგია. ჩვენ გვყავდა და გვყავს დიდი კალათბურთელები, რომლებმაც მაქსიმუმი გააკეთეს საქართველოში კალათბურთის მაღალ საფეხურზე აყვანაში. რომ არ ყოფილიყო კალათბურთის ეროვნული ფედერაციის, საქართველოს მთავრობისა და ფიბა-ს ნაყოფიერი ურთიერთთანამშრომლობა და კალათბურთელების მხარდაჭერა, ასეთი კარგი შედეგის მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა.
სწორედ ერთობლივი მუშაობითა და კალათბურთის სიყვარულით მოვედით დღემდე და ვმასპინძლობთ ევრობასკეტს. ევრობასკეტის დღეებში საქართველოში ნამდვილი საკალათბურთო ზეიმი იქნება.
ვლადიმერ ბოისა:
აღასანიშნავია, რომ ასეთი მაღალი რანგის სპორტული ღონისძიება, როგორიც ევრობასკეტია, საქართველოში აქამდე არ ჩატარებულა. არა იმიტომ, რომ ჩემი სამშობლოა, საქართველო მართლაც ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და სტუმართმოყვარე ქვეყანაა ევროპასა და მთელს მსოფლიოში. ჩვენი ჯგუფის გუნდებს თბილისში დახვდებათ ახალი, სპეციალურად ევრობასკეტისთვის აშენებული არენა, რომელიც დარწმუნებული ვარ, ყველა მატჩზე ბოლომდე შეივსება და ევრობასკეტის მატჩებს გაალამაზებს. ზემოთაც აღვნიშნე, რომ ასეთი რანგის სპორტული ღონისძიება საქართველოში არ ჩატარებულა, ამიტომაც ქომაგები მოუთმენლად ელიან ევრობასკეტის დაწყებას და ჯგუფური ეტაპის თამაშების პერიოდში, ჩვენს დედაქალაქში ნამდვილი საკალათბურთო ზეიმი იქნება. ჩვენს ეროვნულ გუნდს არასდროს აკლდა ქომაგობა და ევრობასკეტის მატჩებში ეს მუხტი გაათმაგდება, რაც უდიდესი სტიმული იქნება საქართველოს ნაკრებისთვის, არსებობის მანძილზე ყველაზე მაღალ შედეგს მიაღწიოს.