ვიქტორ სანიკიძე ისევ ბრძოლაში დამარცხდა და სეზონი დაასრულა

ვიქტორ სანიკიძე ისევ ბრძოლაში დამარცხდა და სეზონი დაასრულა

ვიქტორ სანიკიძემ სეზონი დაასრულა. ქართველი ფორვარდის „კანადიან სოლარმა“ მეოთხედფინალური სერიის მესამე, ამჯერად საკუთარ მოედანზე გამართული მატჩიც წააგო და ნახევარფინალის საგზური ნიკა მეტრეველის „დინამო სასარის“ დაუთმო.
 
ბოლონიურმა კლუბმა ამჯერადაც დაძაბულ ბრძოლაში დათმო შეხვედრა. ზედ საფინალო სირენის წინ, ქართული პასპორტის მქონე ქუინტონ ჰოსლის პასის შემდეგ, იტალიელმა მანუელ ვანუცომ სამქულიანი გაისროლა და ”ბანკო დი სარდინია” სასარის 72:71 მოაგებინა.
 
არადა, ბოლონიელები გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყვნენ. მასპინძლები თითქმის მთელი შეხვედრის განმავლობაში ლიდერობდნენ და მე-2 მეოთხედში 15 ქულითაც კი დაწინაურდნენ, მაგრამ საბოლოოდ უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და საბედისწერო მარცხი განიცადეს.
 

 
სანიკიძე ტრადიციულად გუნდის სასტარტო შემადგენლობაში იყო და 35 წუთში 8 ქულა, 11 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მოაგროვა.ქართველმა ფორვარდმა 6-დან 1 ორქულიანი და 7-დან 2 სამქულიანი ჩააგდო და ორმაგ დუბლამდე 2 ქულა დააკლდა.
 
დინამოელთა შორის მეტრეველმა მხოლოდ 3 წუთი ითამაშა და ბევრიც ვერაფერი მოასწრო: 1 მოხსნა, 1 დაკარგვა და 1 პერსონალური.
მეტრეველის გუნდს ნახევარფინალში „სიენასა“ და „ვარეზეს“ შორის გამარჯვებული შეხვდება, რომელთა დაპირისპირებაშიც სიენელები 2:1-ს იგებენ.
 
დღეს მეოთხედფინალური სერიის მესამე მატჩს მანუჩარ მარკოიშვილის „კანტუ“ გამართავს, რომელიც „სკავოლინის“ 2:0–ს ამარცხებს.