ვიქტორ სანიკიძე იტალიის ჩემპიონია

ვიქტორ სანიკიძე იტალიის ჩემპიონია

ვიქტორ სანიკიძე იტალიის ჩემპიონია. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა იტალიაში გატარებული მესამე წელი ოქროს მოგებით აღნიშნა. „ვირტუს ბოლონიაში“ ნათამაშევი 2 სეზონის შემდეგ სანიკიძე იტალიის უძლიერესმა გუნდმა „სიენამ“ შეიმატა და სკუდეტო ქართველ ფორვარდთან ერთადაც მოიგო. 
სიენელებმა სეზონი მძიმედ დაიწყეს, თუმცა თებერვალში იტალიის თასის მოგება მაინც მოახერხეს. რეგულარული სეზონის მე-5 ადგილზე დასრულების შემდეგ სანიკიძის გუნდს ყველა მეტოქესთან დიდი ბრძოლის გადატანა მოუხდა, რომ ტიტულამდე მისულიყო. პლეი ოფში ყველაზე იოლი სერია ფინალური გამოდგა, რომელიც „სიენამ“ „რომას“ 4:1 მოუგო. მანამდე კი ორივე საპლეიოფო სერია –  „არმანისთან“ მეოთხედფინალი და „ვარეზესთან“ ნახევარფინალი 7-მატჩიან დაპირისპირებაში მოიგო.
 

 
სანიკიძის გუნდმა საჩემპიონო ტიტული ფაქტობრივად 2 დღის წინ გაინაღდა, როცა „რომა“ შინ დაამარცხა და სერიაში 3:1 დაწინაურდა. სამ მატჩს რომ ზედიზედ არ წააგებდნენ სიენელები, დიდი მარჩიელობა არ სჭირდებოდა და აკი პირველივე ცდაზე მოიგეს ბოლო წლებში მათთან ბინადადებული საჩემპიონო თასი.
 
საჩემპიონო მატჩი „სიენამ“ რომში – 79:63 მოიგო. სანიკიძემ მხოლოდ 4 წუთს ითამაშა და 2 ქულას ამდენივე მოხსნა მოაყოლა. ქართველმა ფორვარდმა ერთხელ და ისიც ზუსტად შეუტია რომაელთა კალათს. სიენელთაგან 18 ქულით საუკეთესო ბობი ბრაუნი გახლდათ, 11 დევიდ მოსის ანგარიშზეა, ხოლო მეთ ჯენინგმა ჩემპიონებს 10 ქულა შესძინა.
 
სანიკიძისთვის ეს სადებიუტო ტიტულია. მას აქამდე საქართველოში, რუსეთში, საფრანგეთში, ესტონეთში და ესპანეთში უთამაშია, მაგრამ ჩემპიონობა არასდროს მოუგია.