როგორც ცნობილია, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში პაატა გურასპაულმა ვიქტორ სანიკიძეს მხარი დაუჭირა და შესაბამისად, არჩევნებში წარმოდგენილი იქნება ერთი საერთო კანდიდატი – ვიქტორ სანიკიძე.
ვიქტორ სანიკიძემ კალათბურთის ეროვნულ ფედერაციის მოქმედ ხელმძღვანელებთან და თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა. სანიკიძემ ფედერაციის თითოეულ თანამშრომელს დღემდე გაწეული ნაყოფიერი შრომისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა მათი წვლილი ქართული კალათბურთის განვითარებასა და მიღწეულ წარმატებებში, რის შედეგადაც სახელმწიფომ ფედერაციას უპრეცედენტო მხარდაჭერა და 100 მილიონიანი ფინანსური ინვესტიციის განხორციელება აღუთქვა.
ვიქტორ სანიკიძემ ფედერაციის წევრებთან ქართული კალათბურთის საკეთილდღეოდ ერთიანი ძალებით მუშაობის გაგრძელებაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. კერძოდ, ფედერაციის სრულ შემადგენლობას გრძელვადიან თანამშრომლობას და არსებული სამუშაო პირობების გაუმჯობესებას დაპირდა.
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საერთო საარჩევნო კრება 2021 წლის 11 დეკემბერს, 13:00 საათზე, „ქორთიარდ მარიოტის“ საკონფერენციო დარბაზში გაიმართება.